Jump to content
Planeta.Ge

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს


პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. ბრიფინგზე მან ისაუბრა მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.

„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო. მიზეზი, პირველ შემთხვევაშიც, ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები იყო. იმავე წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე მმართველი გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო, რადგან იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 86 დეპუტატმა მისცა, საჭირო კი 100 დეპუტატის ხმა იყო.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...