გახარია: არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლებაში დარჩენა ხელისუფლების დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა იქნება ივანიშვილისთვის
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია"ტვ პირველის" ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი თარიღია.
გიორგი გახარიას შეფასებით, მოახლოებული არჩევნები როგორც ქართველ ხალხს, ასევე ბიძინა ივანიშვილსაც სჭირდება იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ "შტატებიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და ქართული საზოგადოების მხრიდან მასზე განხორციელებული წნეხი მოიხსნას".
მეტიც, როგორც პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ "არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლებაში დარჩენა მისთვის ხელისუფლების დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა იქნება".
დღეს "ოცნების" ეფექტურობა არის ჩვეულებრივი უსუსურობა. მეცოდებიან-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. ანეკდოტის გმირები, ხალხური ფოლკლორის გმირები გახდნენ და როლებს იცვლიან. ხან ერთია მასხარა, ხან მეორე. ალღო ჰქონდა და ალღო დღესაც აქვს, უბრალოდ ისეთ საინფორმაციო ვაკუუმშია ეს კაცი მოქცეული, რომ ადეკვატური ანალიზის რესურსი არ აქვს. ჩვენ ყველას გვაქვს კარგი გამოსავალი და ეს არის არჩევნები. ეს არჩევნები, პირველ რიგში, სჭირდება საქართველოს, რათა ეს ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე დავაბრუნოთ. მაგრამ ასევე, ძალიან სჭირდება ივანიშვილს, რომ ეს წნეხი, რომელიც მასზე ხორციელდება დღეს შტატებიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და შიგნით ქვეყნიდან, ეს წნეხი მოიხსნას.
თუ ივანიშვილი გონივრული ანალიზის უნარს დაიბრუნებს, მიხვდება, რომ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლებაში დარჩენა ხელისუფლების დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა იქნება მისთვის. ეს გარემო დღეს უკვე შექმნილია და ეს არ არის მხოლოდ ევროპელების, ამერიკელების, ან რუსების მხრიდან მომავალი წნეხი. ეს განწყობაა შიგნით ქვეყანაში. "ქართული ოცნების" რეიტინგი მოდის ქვემოთ", - ამბობს გიორგი გახარია.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.