ზურაბიშვილი: პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში განაცხადა.
„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით იმიტომ, რომ ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ”, – თქვა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, არის თუ არა ის პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატი, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ – არა.
„არა, მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები. სანდოობით აღჭურვილი და არა პოლიტიკოსები და რატომ. იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება.
ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას, რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს, ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს იმ ადგილზე, სადაც გვინდა ვიყოთ”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს ვინ არის მისი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ის არის „პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები”.
„ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები.
[პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული] ამ ნიშნით – პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები”, – ამბობს ზურაბიშვილი.
ჩაკითხვაზე, არის თუ არა ზურაბიშვილი მზად იყოს პრემიერი, იმ შემთხვევაში, თუ ამას მას ოპოზიციური პარტიები შესთავაზებენ, პრეზიდენტი პასუხობს:
„ასე არ დასმულა კითხვა. მყავს ძალიან კარგი კანდიდატი, ჯერ ვნახოთ […] ცხოვრებაში რომ არაფერი არ არის გამორიცხული, ეს გაკვეთილი ვისწავლე წლების მანძილზე, მაგრამ დღეს მემგონი ძალიან სწორი გზაზე ვდგავართ და გავყვეთ ამ გზას”, – განაცხადა მან.
ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო სია არჩევნებამდე იქნება წარდგენილი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.