"ოცნებისთვის“ სახელმწიფო უდრის ბიძინა ივანიშვილს. ეს დამოკიდებულება „ნაცმოძრაობასაც“ ახასიათებდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს უტოლებდა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.
როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ სანქციებს წინაპირობები ჰქონდა - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმები.
„სასიხარულო ამაში არაფერია - როდესაც ომში მყოფი ქვეყანა შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასანქცირებს, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახება. ამას წინაპირობები ჰქონდა - გვახსოვს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. საერთაშორისო პარტნიორებმა და უკრაინამაც კარგად იცის, ვინ მართავს ხელისუფლებას, ვსაუბრობ ივანიშვილზე. სასიხარულო არაფერია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოქალაქეს, ეს კიდევ უფრო აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო თვეებში ისედაც დააზიანა და ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზე.
რაც შეეხება ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ახასიათებდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს უტოლებდა. „ქართული ოცნების“ მესიჯებიც ასეთი იყო, რომ მათთვის სახელმწიფო უდრის ბიძინა ივანიშვილს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.