კითხვები უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების ხმის უფლებასთან დაკავშირებით – “ჩემი ხმა” უწყებებისგან პასუხს ელის
სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისია, “ჩემი ხმა” სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვს განმარტებებს, რატომ ვერ ახერხებს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.
ისინი მოუწოდებენ პასუხისმგებელ ორგანოებს – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დევნილთა სამინისტროს გაატარონ შესაბამისი ზომები ყველა ამომრჩევლის ხმის უფლების უზრუნველსაყოფად.
“საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს ინსტრუქციების შესაბამისად გაიარეს საკონსულო აღრიცხვა, მათ ექმნებათ დამატებითი ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერები და ვერ ხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ამასთან, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ არ არის გახსნილი სათანადო რაოდენობის უბნები საზღვარგარეთ. ასევე, ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩებიან უცხოეთში მცხოვრები დევნილები, რომელთა რეგისტრაციის ადგილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგებისთვის არსებითია. თითოეული მათგანის უფლება – მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ, კამპანიის “ჩემი ხმა ევროკავშირს” სპიკერმა.
ამ ეტაპზე, არსებობს კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც სხვადასხვა უწყების კომპეტენციაა.
კითხვები საგარეო საქმეთა სამინისტროს:
- საქართველოს რამდენი მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით? მათგან რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მონაცემი გადასცა ცესკოს?
- გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, რა მიზეზების გამო არ/ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ცესკოსთვის გადაცემულ სიაში? ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს მიზეზებისა და მოქალაქეთა რაოდენობის მითითებით;
- რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე დგას დღეის მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვაზე?
კითხვები ცენტრალური საარჩევნო კომისიას:
- ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს გადასცა 68 024 ამომრჩევლის სია, ხოლო ცესკომ დამუშვების შემდგომ, ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა 65 508 ამომრჩეველი. ცესკოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან პირთა ამორიცხვის საფუძველი გახდა ვალიდური დოკუმენტების არარსებობა. გაკეთდეს მკაფიო განმარტება იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა 2516 პირს ვადაგასული როგორც პასპორტი ასევე, ID ბარათი;
- საკონსულო აღრიცხვაზე არმყოფმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა რამდენმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ცესკოს უბნის გახსნის მოთხოვნით? როგორ ამოწმებდა ცესკო განცხადების მიღების დროს, იდგნენ თუ არა მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე?
- საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადაგზავნილ მონაცემებში მითითებული იყო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მხოლოდ რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, თუ ეს მონაცემები შეიცავდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რეგისტრაციის მისამართებს და ინფორმაციას მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის – კონკრეტული ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის შესახებ?
- იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო ვადა შეადგენს 5 დღეს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს უნდა გადასცეს საბოლოო სია ცესკოს, რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით?
- რატომ არ გამოითხოვა ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ეტაპობრივად და რატომ არ დაიწყო საზღვარგარეთ უბნების შექმნა არჩევნების დანიშვნისთანავე?
- რატომ არ ხდება საზღვარგარეთ მყოფი იმ პირების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა, რომლებიც რეგისტრირებული არიან აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ან/და შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით მოხსნილი აქვთ დევნილის სტატუსი.
ვინაიდან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის შესაძლებელია 7 ოქტომბრის ჩათვლით, სამოქალაქო ორგანიზაციები ცესკოს მოუწოდებენ, სხვა წყებებთან კოორდინაციით, დარჩენილ 5 დღეში გაეცეს “აამუშაოს საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა, დროულად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე უზრუნველყოფილი იქნეს მათი საარჩევნო უფლების რეალიზება”.
ამავე თემაზე:
- სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს
- ურთიერთბრალდებები პრეზიდენტსა და ცესკოს შორის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით
- ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პულობს – რა ხდება?
- კითხვები ემიგრანტების რაოდენობაზე საარჩევნო სიაში და უწყებების განმარტებები
-
როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.