სალომე ზურაბიშვილი - ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ თუ არჩევნებში პროევროპული პარტიები გაიმარჯვებენ, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც შეჩერდა
ერთი თვე გვაქვს დარჩენილი. ევროპას სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, დაადასტუროს, რომ თუ არჩევნები მოიგეს პროევროპულმა პარტიებმა, თუ „ქართული ქარტია“ არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად განხორციელდება და როგორც კი პარლამენტი ჩამოყალიბდება, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც ეს მოლაპარაკებები შეჩერდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რას ითხოვთ ბრიუსელისგან არჩევნების კუთხით?“
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის ის, რასაც ის ბრიუსელში ვიზიტის დროს ითხოვს.
კითხვაზე, თუ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში პროევროპული ოპოზიციური პარტიები გაიმარჯვებენ, ეყოლებათ თუ არა მათ საკმარისი დეპუტატები მთავრობის შესაქმნელად, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არის ოთხი პროევროპული პარტია, რომლებსაც, გამოკითხვების მიხედვით, დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
„ასე რომ, მათ შეუძლიათ კოალიციის შექმნა, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში. მე შევთავაზე ამ პარტიებს გაერთიანება და არა ერთმანეთთან, რადგან ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახებს. გაერთიანება, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არის ევროპულ გზაზე დაბრუნების რეცეპტი. ამ ოთხმა პარტიამ ხელი მოაწერა ქარტიას, რომელიც, პრაქტიკულად, არის მათი სამოქმედო გეგმა მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში, რათა ხელახლა დაუკავშირდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გულგატეხილია იმით, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია, თუმცა ესმის ევროკავშირის პოზიცია, რადგან „საქართველოს ხელისუფლებამ არ მოუსმინა ევროპის ხელისუფლების, ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორის და ყველა ევროპული ორგანიზაციის მოწოდებებს, რომლებთანაც უკვე 30 წელია ვთანამშრომლობთ“.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.