იან კელი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე - ღმერთმა დაგვიფაროს!
ღმერთმა დაგვიფაროს! - ნებისმიერი სახის ბრალდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „გარე ძალების“ მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილის შესახებ დასმულ კითხვას.
მან აშშ- საქართველოს ურთიერთობა ზოგად კონტექსტშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო არ შეცვლის მის ანტიდემოკრატიულ კურსს და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება.
„თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება. იმის გამოხატვაც კი მიჭირს რამდენად დამაზიანებელი იყო მსგავსი რიტორიკა ჩვენი ურთიერთობისთვის. ქართველი მაღალჩინოსნები განაგრძობენ ტყუილის გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ომის მსგავს ზრახვებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ უარვყავით, რომ გვსურს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ შეურაცხყვეს მაღალი თანამდებობის პირები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე ნეგატიურად ვრეაგირებდით . არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ტყუილისა და შეურაცხყოფის შემწყნარებელი“, - განაცხადა იან კელიმ.
რაც შეეხება არჩევნებს, ყოფილმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღია საარჩევნო პროცესს უზრუნველყოფს და მოუწოდა ქართველ ხალხს, გამოიყენოს კანონით გარანტირებული ხმის მიცემის უფლება.
„იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ღია საარჩევნო პროცესს როგორც არჩევნების წინ, ისე უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას. ასევე, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია სამართლიან კონკურენციაში ჩაერთვება თავისი შეხედულებების საზოგადოებისთვის წარდგენით. ყველაზე მეტად მოვუწოდებ ყველა ქართველს, გამოიყენონ ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება.
ჩვენ ცალსახად არც ერთი პარტიის ადვოკატირებას არ ვეწევით. არც ერთი გარე ძალა უნდა ერეოდეს ქართველი ხალხის შესაძლებლობაზე თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება არჩევნების გზით,“ - განაცხადა იან კელიმ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.