Jump to content
Planeta.Ge

„კონსულმა მითხრა, თვითონ ბაზა შლისო“ – რატომ ვერ ხვდებიან ემიგრანტები ამომრჩეველთა სიაში


ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბადრი ფეტელავა აცხადებს, რომ მისი ცოლი და შვილი, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და საბუთებიც წესრიგში აქვთ, ამომრჩეველთა სიაში არ არიან.

როგორც ბადრი ფეტელავა ნეტგაზეთთან ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავს ვერ პოულობს, გადაწყვიტა სიაში თავისი თავი და ოჯახის წევრებიც გადაემოწმებინა.

მისი თქმით, ამისათვის ბელგიაში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ამომრჩეველთა სიაში ის და მისი 1 შვილი არიან, ხოლო ცოლი და მეორე შვილი – არა. ორივე მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, თუმცა, ბადრი ფეტელავას თქმით,  საბუთებიც წესრიგში აქვთ და საკონსულო აღრიცხვაზეც აქტიური სტატუსი ჰქონდათ.

ბადრი ფეტელავას თქმით, საკონსულოში უთხრეს, რომ „ბაზა თავად შლის“ ემიგრანტების ნაწილს, თუმცა, რომელ ბაზაზეა საუბარი,  მისთვისაც გაუგებარია.

„28 წელია ჩვენ აქ ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე საკონსულო აღრიცხვაზე სულ იყო და არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას ჩვეულებრივად. ახლახან შვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და დადგა ისიც საკონსულო აღრიცხვაზე. გუშინ (30 სექტემბერს) გადავამოწმეთ და არც ცოლი არის ბაზაში და არც მეორე შვილი. თავიდან შევავსეთ გუშინ განაცხადი. ძალიან ბევრი ემიგრანტი წერს იმავე პრობლემაზე.

გუშინ ვესაუბრე კონსულს და კონსულმა მითხრა, თვითონ ბაზა შლისო, შეიძლება პასპორტები არ აქვთ წესრიგშიო. არ ვიცი, რომელი ბაზაა, ორი ბაზა არისო, ეს ბაზები ერთმანეთში ირევა და ავტომატურად იშლებიან ადამიანებიო… ვერ მივხვდი [რაზეა საუბარი]. მე ამ კონსულთან არანაირი პრობლემა არ  მაქვს, შევატყვე, რომ თავადაც დაბნეული იყო. ვუთხარი, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. მგონი, [კონსულს] თვითონაც არ აქვს წარმოდგენა, რა შეიძლება იყოს მიზეზი. თვითონაც არ იცის, უბრალოდ, რაღაც ხომ უნდა ეთქვა ადამიანს. მითხრა, რომ შეიძლება, საზღვარგარეთის პასპორტებით იყვნენ საქართველოშიო… ჩემი შვილი საქართველოში ბოლოს დაახლოებით 2 თვის წინ იყო და ბელგიის პასპორტი გამოიყენა“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ბადრი ფეტელავა.

ბადრი ფეტელავას თქმით, თუ პრობლემა არ გამოსწორდება, ამას ემიგრანტების პროტესტი აუცილებლად მოჰყვება.

„ბელგიაში უკვე ორჯერ ჩავატარეთ აქცია ემიგრანტებმა და თუ იგივე სიტუაცია გაგრძელდება, აუცილებლად გვექნება პროტესტი უფრო მძაფრი ფორმით, მივმართავთ სასამართლოსაც“, – აცხადებს ბადრი ფეტელავა.

ნეტგაზეთი  მეორე დღეა ცდილობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დააზუსტოს, რომელი ბაზიდან იშლებიან ემიგრანტები, როგორც ამას ჩვენი რესპონდენტი ამბობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


საკონსულოებში რეგისტრირებული ქართველი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა  სიაში თავს ვერ პოულობს და ხმის უფლებისთვის იბრძვის.

“ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს.  ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.

მათ ნაწილს ცესკოში უპასუხეს, რომ ისინი  თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ  ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ,  საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...