“ჟურნალისტიკა საქართველოში საშიშ პროფესიად იქცა” – ევროპული მედიაორგანიზაციების მისია
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი შეაფასეს. ევროპული მედია-გაერთიანებების 10 წარმომადგენელი 2 დღის განმავლობაში – 1-ელ და 2 ოქტომბერს იკვლევდა ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების საკითხებს. როგორც ამბობენ, მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე და შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.
ანგარიშში, რომელიც მათ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, აღნიშნულია, რომ საქართველოში უარესდება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხარისხი, არამედ ზოგადად, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. აქვეა აღნიშნული, რომ ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის.
- ჟურნალისტების უსაფრთხოება
“ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად, ვერბალურად, სამართლებრივად და ფინანსურად. ჟურნალისტიკა საქართველოში საშიშ პროფესიად იქცა”, – წერია 2-დღიანი მისიის შემაჯამებელ ანგარიშში.
მათი თქმით, ჟურნალისტები იმდენად შეშფოთებულები არიან საკუთარი უსაფრთხოებით, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ახლავთ თანმხლები პირები.
ფიზიკური თავდასხმების გარდა, მისიამ დააფიქსირა ჟურნალისტების დაშინების არაერთი შემთხვევა. ჟურნალისტები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საუბრობენ მუქარის, მოკლევადიანი დაკავებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოროტად გამოყენების და სოციალურ ქსელებში, მიზანმიმართული ცილისწამების კამპანიებზე.
ამ ფაქტორების გამო ბევრი ჟურნალისტი წავიდა პროფესიიდან, ან ქვეყნიდან. რამდენიმე გამოცემამ აღნიშნა, რომ გადარეგისტრირდნენ საზღვარგარეთ მათივე თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი, რომელიც, დოკუმენტში შეფასებულია როგორც “ისედაც პოლარიზებულ გარემოში ცეცხლზე ნავთის დასხმა”.
ანგარიშში წერია, რომ ქართველი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაშფოთებელი ფაქტორი მათი საქმიანობის “ანტიქართულად” შეფასებაა. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება “ეროვნულ სენტიმენტებს” მათ წინააღმდეგ იყენებს.
- რუსული და ჰომოფობიური კანონები
მედიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი. ასევე, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული, ცენზურის დამწესებელი და ღირსების შემლახველი კანონი, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მოტივით მიიღეს.
“ორივე ეს კანონი აღიქმება, როგორც მედიაზე ზეწოლის იარაღი აღმასრულებელი მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელში”, – წერია დოკუმენტში.
მისიის წარმომადგენლების თქმით, ყველამ, ვისთანაც მათ ჰქონდათ კომუნიკაცია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიის პოლარიზება დაასახელა. მათივე შეფასებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა ამძაფრებს ამ დაყოფას. ევროპელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს, საჯარო პირებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს თავი შეიკავონ პოლარიზაციის გამძაფრებისგან და ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების სოციალური სივრციდან განდევნის მცდელობისგან.
“ამის შესახებ კითხვების დასმისას, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საერთოდ არ მიიღეს ჩვენი შეშფოთება. იმ პირობებშიც კი, როცა კანონის სრულად აღსრულება ჯერ არ დაწყებულა, მას აქვს მნიშვნელოვანი დამთრგუნავი ეფექტი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე. ის უკვე იწვევს თვითცენზურას, ჟურნალისტური წყაროების დაშინებას და მტრულ გარემოს, რომელიც ხელს უშლის ჟურნალისტებს სამუშაო ველზე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
- დამნაშავეთა დაუსჯელობა და ჟურნალისტთა დაშინება
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულები საქართველოში არ ისჯება. დაუსჯელები არიან როგორც ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობს, მუქარის, ცილისწამების განმახორციელებლები, ისე ამ ყველაფრის ორგანიზატორები. ეს ყველაფერი კი ქმნის მტრულ გარემოს მედიის წარმომადგენლებისთვის.
“ჩვენ შევხვდით პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველის ოფისისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს. ჩვენ დავსვით კითხვები ყველასთან ჩამოთვლილთაგან. თუმცა, ვერ მივიღეთ მკაფიო პასუხი, რა და როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ჟურნალისტების დასახმარებლად მათზე თავდასხმების დროს”, – წერია დოკუმენტში.
აქვეა აღნიშნული, რომ სათანადოდ ან საერთოდ არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის ტრაგიკული მოვლენების მონაწილეები და ორგანიზატორები.
- სამართლებრივი დავები მედიის წინააღმდეგ
ანგარიშში ვკითხულობთ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, ან მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები თუ სხვა საჯარო და კერძო ფიგურები ჟურნალისტებს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივიან. ეს პროცესები მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც შემაშფოთებელია
პრობლემად სახელდება ისიც, რომ ჟურნალისტებს, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სთხოვენ გაამხილონ მათი ინფორმაციის წყაროები. უარის შემთხვევაში კი მათზე ირიბი ზეწოლა ხორციელდება.
- საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
დოკუმენტში წერია, რომ საჯარო უწყებები, ხშირად, არ ასრულებენ კანონით დათქმულ მოთხოვნებს ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მისაწოდებლად. ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით უჭირთ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიებს.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ეს მეტწილად მისი დაფინანსების საკითხს უკავშირდება. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე, რომელიც გასულ წელს წინასწარი კონსულტაციების, ექსპერტთა ჩართულობისა და საჯარო დისკუსიის გარეშე დამტკიცდა.
ევროპული მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციაა, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და თავისუფალი სამუშაო გარემო ჟურნალისტებისთვის. წინასაარჩევნო პერიოდია და არჩევნების დღეს მათი უნდა შეეძლოთ დაუბრკოლებელი მუშაობა. რეკომენდაციაა, რომ გაუქმდეს რუსული კანონი. ასევე, კანონი, რომელიც აწესებს ცენზურას და ლახავს ადამიანის ღირსებას.
2-დღიანი მისიის წევრები იყვნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF); ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის (JFJ); პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI); ინდექსი ცენზურაზე; ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია; პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF); ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU); ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ). ეს ორგანიზაციები აერთიანებს ათეულობით მედია-საშუალებას მთელი ევროპის მასშტაბით.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.