Jump to content
Planeta.Ge

ცქიტიშვილი შუქრუთელების პროტესტზე: მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა ამ კრიზისში შუამავლობა


პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრი და საარჩევნო სიის მე-3 ნომერი, დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტთან მიმდინარე შუქრუთელების პროტესტს ეხმაურება და მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

მისი თქმით, მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობაა, „უსირცხვილოდ დუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”.

ცქიტიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” არგუმენტი, თითქოს პროტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება.

„კომპანიისგან იგნორირებული მოსახლეობის მიმართვას არაფრად აგდებს მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობა. შუქურთელები 31-დღეა შიმშილობენ, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანაც კი აუცილებელი გახდა, დანარჩენები კი, მათ შორის ქალები, ღამეს პარლამენტთან, სიცივეში ათენებენ.

საქართველოს მთავრობა უსირცხვილოდ დუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ერთი მხრივ, სოფელ შუქრუთში სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი – ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია საცხოვრებლად. მეორე მხრივ კი – სულ უფრო მძიმდება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ჯორჯიან მანგანეზის” არგუმენტი, თითქოს პროტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება.

როგორც არ უნდა ეცადოს საქართველოს მთავრობა და წარმოაჩინოს ეს პროტესტი, მხოლოდ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავად, მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, „შეწყვიტოს უმოქმედობა და დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესი, მათი ჯანმრთელობა, ვიდრე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება”.

ასევე, საქართველოს პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს, სასწრაფონ ჩაერთონ პროცესში და უზრუნველყონ საკითხის სამართლიანი და გამჭვირვალე დარეგულირება.


სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უკვე 30 დღეა შიმშილობს.

შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.

თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...