პრეზიდენტი: „თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს ცესკოს განცხადებას საზღვარგარეთ მცხოვრები მისი შვილის სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.
„თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს), მიიღებ საკონსულოდან დასტურს რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენს გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება! და სხვა?! ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით?! დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს, ვერც გამოასწორებთ!
და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას!“, – დაწერა ზურაბიშვილმა.
დღეს, 30 სექტემბერს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტის შვილს, ქეთევან გორჯესტანს, საკონსულო აღრიცხვა გავლილი ჰქონდა და შესაბამისი დასტურიც ჰქონდა მიღებული. თუმცა, საარჩევნო სიაში იგი არ იყო.
ცესკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ქეთევან გორჯესტანი სპეციალურ სიაში მოხვდება და 26 ოქტომბერს არჩევნებზე ხმის მიცემას შეძლებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე“, – განაცხადეს ცესკოში.
ბოლო რამდენიმე დღეა საკონსულოებში რეგისტრირებული ქართველი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში საკუთარ თავს ვერ პოულობს და ხმის უფლებისთვის იბრძვის.
“ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა, იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.
მათ ნაწილს ცესკოში უპასუხეს, რომ ისინი თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ.
ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პულობს – რა ხდება?
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.