სოფიო ხორგუანი - ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიდექით გზაგასაყარზე, ყოველთვის ვაკეთებდით ყველაზე სწორ არჩევანს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე იურისტი სოფიო ხორგუანი საუბრობს.
- რას პირდებით ამომრჩეველს სამცხე-ჯავახეთში?
მე არ ვპირდები, ახლა რასაც გეტყვით არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პირველი, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის რეგიონი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, ისტორიულად ასეა. როცა ეს რეგიონი იქნება წარმატებული და განვითარებული, მაშინ მთელი საქართველოც იქნება წარმატებული და განვითარებული. ღრმად მჯერა ამის და ვხედავ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს.
არის რამდენიმე მიმართულება. პირველი ეს არის საბაზისო ინფრასტრუქტურა: გზები, წყალი, კანალიზაციის სისტემა, გაზიფიცირება და სხვა ენერგო მატარებლები, ეს პირველადი ინფრასტურქტული საჭიროებები უნდა იყოს მოწესრიგებული. ამისთვის ის თანხა, რომელსაც ბიუჯეტიდან ვხარჯავთ კეთილსინდისიერად გაკეთებულ საქმეს მოხმარდეს და არა ისე, როგორც ახლა, კორუფციული ტენდერები, უხარისხოდ ან ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები. რაც გაკეთდა, ისიც გაუკეთებელია. აუცილებლად, ყველა ეს პროექტი თავიდანვე უნდა კეთდებოდეს ევროპული სტანდარტით, ისე, რომ შემდეგი 30-50 წელი არ სჭირდებოდეს ხელის შევლებაც კი. ის თანხა, რომელიც ბიუჯეტში არ გვაქვს, შესაძლებელია მოვიძიოთ დონორებისგან. უნდა მოეწყოს დონორთა კონფერენცია. ასეთი თანხების მოზიდვით, შესაძლებელია, უახლოეს წლებში, მთელს რეგიონში ეს პრობლემები მოგვარდეს.
მეორე, ეს არის ფუნქცია, რომელიც უნდა ჰქონდეს რეგიონს. ეს რეგიონი ბოლო სამასი წლის განვალობაში იყო უამრავი ექსპერიმენტის ობიექტი - პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, სოციალური. რა თქმა უნდა, ეს იყო რთული რეგიონისთვის, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვის შედეგად სამცხე-ჯავახეთს აქვს უნიკალური სხეული და შესაძლებელია გახდეს ჰუმანიტარული მეცნიერებების ცენტრი. რას ვგულისხმობ ამაში. დაწყებული ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ისტორიით და შემდგომ. უნდა დავაინტერესოთ მთელი მსოფლიო - არქეოლოგები, კულტურის მკვლევრები, კონფლიქტოლოგები და მომიჯნავე მეცნიერებები. ძალიან საინტერესოა დაკვირვება და შესწავლა ამ გამოცდილების. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის საჭირო ინტელექტუალური რესურსი ამ რეგიონში არის და დავაბრუნებთ იმათაც, ვინც წასულია. ეს რეგიონი გახდება ჰუმანიტარული მეცნიერების ცენტრი, სადაც ჩამოვლენ დანარჩენი მსოფლიოდან მკვლევრები. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა, მხოლოდ მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებით. ამ რეგიონს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული ინტელექტუალური გავლენა მთელს საქართველოზე და ეს უნდა დავაბრუნოთ. დიდებული მესხეთის დიდებულება. ცხადია, ამ ყველაფერს ექნება ეკონომიკური ეფექტი. დღეს საქართველოს რუკაზე ისე არ არის მონიშნული სამცხე-ჯავახეთი, როგორც ჯერ არს და როგორც ეკუთვნის ამ რეგიონს მთელი თავისი ისტორიით. არადა დღეს, პრობლემაა ბევრისთვის სახელმწიფო ენის სათანადო შესწავლა, ამის ორგანიზებას მაინც რა უდგას წინ?!
მესამე პირდაპირ ეხება ეკონომიკას. აქ სამი გამშვები სასაზღვრო პუნქტია, რომელთა ინფრასტრუქურა გასათანამედროვებელია. შესაძლებელია ვალეში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობაც, რაც საერთოდ სხვა რელსებზე გადაიყვანს მთელ რეგიონს. შემოვლითი გზების მშენებლობა ტრანზიტულ ფუნქციას გაზრდის. მითუმეტეს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი სომხეთი ევროპისკენ იყურება და ევროპის ასოცირების ფარგლებში, დიდი იმედი მაქვს, რომ ტრიო გახდება კვარტეტი, ეს საქართველოს ინიციატივით და მხარდაჭერით უნდა მოხდეს. სომხეთთან ერთად ევროპას მოვიყვანთ კავკასიაში უფრო ძლიერად.
ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის წახალისება და დაცვა. ამ რეგიონში სოფლის მეურნეობას მისდევენ და დღეს ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები საკუთარ წარმოებულ პროდუქტს ვერ ყიდიან და გადაყრა უწევთ. შესაძლებელია ისეთი ხელშეწყობა და ორგანიზება მთელი ამ პროცესის, რომ გლეხი იყოს დაცული. სახელმწიფომ სერიოზული როლი უნდა ითამაშოს არა სუბსიდირებით, არამედ ჯანსაღი პროტექციონიზმით, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტი იყოს მეტად დაცული უხარისხო, იაფი და იგივე უცხოური პროდუქტის შემოდინებისგან. ასევე წარმოების ხელშეწყობა - დაწყებული ხალხი რომ ტყეში კენკრას აგროვებს, დამთავრებული რძის პროდუქტებით, კარტოფილის სახამებელი, თუ შოკოლადის წარმოება, საკონსერვო წარმოება. აქ უნიკალური მოსაპირკეთებელი ქვა მოიპოვება, რომელიც ევროპულს გაუწევს კონკურენციას. პატარა ნიშური აუთენტური წარმოებებიც შეიძლება გაჩნდეს. ეს შესაძლებლობები ზედაპირზე დევს. რაც მე ჩამოვთვალე, ძალიან დიდ როლს შეასრულებს იმაში, რომ აქ მცხოვრები მოქალაქეები არ გარბოდნენ, ახალგაზრდების გადინება არ ხდებოდეს რეგიონიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონის თითოეული მოქალაქე საკუთარ თავს ჩვენი სახელმწიფოს სრულფასოვან, დაფასებულ, პატივსაცემ მოქალაქედ თვლიდეს. ამ ენერგიითა და გზავნილით შესაძლებელია, ხალხი თავს გარიყულად არ გრძნობდეს.
-რამდენად სწრაფად შეიძლება იმ სიკეთეების მოპოვება, რაზეც თქვენ საუბრობთ? როდის იგრძნობს ჩვეულებრივი მოქალაქე რეგიონის წინსვლას?
-რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომლებიც პირველადია და ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გზას, წყალს, გაზს - ამ პროცესის დაწყება ძალიან მალე შეიძლება, მთავარია სწორი მიზანი გქონდეს და სწორად მიდიოდე, გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია თავდადება და მონდომება. ოთხ წელიწადში საერთოდ სხვა რეგიონი იქნება, სხვა ენერგია იქნება აქ, დარწმუნებული ვარ ამაში. მაგალითად ტურიზმი - განა მარტო აბასთუმანი და ბორჯომია კურორტი? ულამაზესი სოფლებია ბორჯომის გარშემო: ყვიბისი, ახალდაბა, ტაბაწყური, ჯავახეთის საოცარი ტბები, ციხე-სიმაგრეები, გადამფრენი ფრინველები, უძველესი ეკლესიები, გამოქვაბულები, ჯამეები, კათოლიკური და გრიგორიანული ტაძრები, დარანები, გვირაბები და სხვა.
ამასთან, უმთავრესია რომ ყველა პროექტი და იდეა თავიდნავე ევროპული სტანდარტით განხორციელდეს. რა არის ევროპული სტანდარტი? ადამიანსა და გარემოზე ზრუნვა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი ესაა და არა ისე, როგორც დაემართა ბაკურიანს. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა კეთდებოდეს მკაცრი ევროპული სტანდარტით - გარემოსა და ადამიანების უფლებების დაცვით. გვახსოვს, როგორც იქცეოდა წინა ხელისუფლება, როდესაც დიდი რეფორმების ეგიდით ადამიანსა და ეკოლოგიას უგულებელყოფდა. ახლანდელი ხელისუფლება კი საერთოდ არ ფიქრობს განვითარებაზე. გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იყოს სწორი. ადამიანს უნდა ითვალისწინებდე, ბუნებას უნდა უფრთხილდებოდე, მაშინ იქნება ეს პროექტები კარგი და წარმატებული. ამ პირობებში, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებიც წამოგყვებიან და მეტი მონდომება ექნებათ, როდესაც დაინახავენ, რომ მათთვის შრომობ და თავდადებული ხარ მიზნის მისაღწევად, შემოგეხიდებიან. ,,სინერგიას“ - დღეს ასე პოპულარულს პოლიტიკაში, მე ასე ვხედავ. ხალხისა და ხალხის სამსახურში მყოფი ხელისუფლების ერთობლივ ძალისხმევას.
-გჯერათ, რომ ასეთი პოლიტიკური ნება ამ არჩევნების შემდეგ იქნება?
-მე მჯერა საქართველოს ხალხის! ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიდექით გზაგასაყარზე, ბოლო წლების ისტორიას რომ გადავხედოთ, ყოველთვის ვაკეთებდით ყველაზე სწორ არჩევანს. როცა შენ გაქვს ხალხის ზურგი, მათი ნება არის შენი ზურგი, შეუძლებელია ამას ვინმე წინ აღუდგეს. ამ დროს შეუძლებელიც შესაძლებელია.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.