ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კალაძის განცხადებას ეხმაურება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამინისტრო შეახსენებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ საქართველომ თავად უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან.
„ცნობილია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არის. მაშასადამე, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის დროს „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“ და სხვა მითიურ ტერმინებზე მცდარი სპეკულაციებისა, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
რაც შეეხება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას, ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან. აფხაზურ-რუსული ინტერსახელმწიფოებრივი ურთიერთობები დაფუძნებულია საერთო სარეგბლის მომტან ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე, მათ შორის, ისეთებზე, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას.
რაც შეეხება მომავალში მეზობელ სახელმწიფო საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები არიან“. ამავე განცხადებაში ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს მეზობლებად იხსენიებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.