პარლამენტის წინ შიმშილობა შუქრუთელმა ქალებმაც დაიწყეს
შიმშილობის 29-ე დღეს პარლამენტის წინ მოშმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ.
„დღეს გვიერთდებიან ქალბატონები, გახდნენ იძულებული, არანაირი ყურადღება არაა არც ერთი მხრიდან, არც სახელმწიფოს, არც სახალხო დამცველის, არც საპატრიარქოს მხრიდან, აბსოლუტურად არავის მხრიდან არანაირი ყურადღება არ არის და ქალბატონები გახდნენ იძულებულები, გვიერთდებიან დღეს შიმშილობას იწყებენ“, – განუცხადა „პუბლიკას“ გიორგი ნეფარიძემ.
„29-ე დღეა, პირამოკერილი, მოშიმშილე ბავშვები სხედან აქ. ჩვენ მივეცით მთავრობას დრო, რომ გამოგვხმაურებოდა, დაგვლაპარაკებოდა. არ გამოვიდა. დაანონსებული გვქონდა, ქალებიც შევუერთდებით ამ პროტესტს, დავრჩებით დღე და ღამე და დავიწყებთ შიმშილობას-მეთქი და მთავრობამ მიგვიყვანა ამ ზომამდე. გადავდგით ეს ნაბიჯი, გამოვაცხადებთ ხვალ ოფიციალურად შიმშილობას. გავშალეთ ლეიბები და ვწევართ აქ. პოლიცია დაგვესია, კატეგორიულად მოგვთხოვა, აიღეთ ლეიბებიო“, – უთხრა „პუბლიკას“ მანანა კუპატაძემ.
იმისთვის, რომ მოშიმშილე ქალებმა პარლამენტთან ღამე გაათიონ, რამდენიმე გასაბერი ლეიბი მიიტანეს.
პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, რომ პარლამენტის წინ ლეიბების გაშლა არ შეიძლება.
„მოვიტანეთ რამდენიმე ლეიბი, რომ ქალებს ბეტონზე არ მოუწიოთ დაწოლა და თურმე გასაბერი ლეიბის შემოტანაც არ შეიძლება. გაიტანეთ თუ არა, ძალით გავიტანთო. ჩვენი სახლების ნგრევა ვისთანაა შეთანხმებული, მაინტერესებს. ჩვენ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაგვიდენია“, – ამბობს ნეფარიძე.
„გაგვხადეს იძულებული, რომ შევერთებოდით ჩვენს ხელში გაზრდილ ბავშვებს. მოვიდა პოლიცია, თითქოს რამე რკინის კონსტრუქცია გვქონდა, ან [კანონ]საწინააღმდეგო რამე, კატეგორიულად მოგვთხოვეს აღება. ჩვენ არ შევწინააღმდეგებივართ მაგრამ უარიც ვუთხარით, რომ ამაღამ აქ უნდა გავათიოთ და ვისარგებლოთ [ლეიბით]. ჩვენ არ დავთმობთ, ამ ბიჭებს არ დავტოვებთ, ვიქნებით აქ, სანამ შევძლებთ. სახლ-კარს გვინგრევენ და ეს შეიძლება და აქ რომ მატრასზე დავჯდე, ის არ შეიძლება?“, – ამბობს დალი კუპატაძე.
შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.