Jump to content
Planeta.Ge

გამარჯობა, აფხაზეთო შენი


image.jpeg

ნაწილი 2

პირველ ნაწილში აღვნიშნე, რომ აფხაზების შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ცუდად არის განვითარებული.

როგორც ტურისტულ, ისე ვაჭრობის და სამეურნეო სფეროში აქტიურად არიან ჩართული სომეხი და თურქი ეროვნების ბიზნესმენები. სოხუმში არსებობს საკვები პროდუქტების, სამშენებლო მასალების თუ საოჯახო ტექნიკის თურქული მაღაზიები. ასევე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თურქებს ეკუთვნით დიდი სასათბურე მეურნეობა, სადაც კიტრი და პომიდორი მოჰყავთ. მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება და რუსეთის ტერიტორიაზე საექსპორტოდაც გააქვთ.

სომხები ფლობენ, როგორც სავაჭრო და სასტუმრო ბიზნესს, ისე კვების ობიექტებს.

image.jpeg

ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში გამოჩნდნენ ტაჯიკეთის მოქალაქეები, რომლებიც, როგორც ყველგან ისე აფხაზეთშიც იაფ მუშახელად მიიჩნევა და ძირითადად, შავ სამუშაოს ასრულებენ.

სოხუმის ქუჩებში შეხვდებით შორეული უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ბედის მაძიებლებსაც, რომლებიც ძირითადად ქუჩაში მოწყალების თხოვნით ირჩენენ თავს, თუმცა უსაქმურად არც ისინი არიან და პუბლიკას მუსიკით ართობენ. ერთ-ერთი ასეთი ეგზოტიკური პიროვნება სოხუმის ბაზრის მისადგომებთან, ,,სოხუმპრიბორის“ შენობის მიმდებარედ, გაჩერებაზე შემხვდა. იქვე ედგა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა და გამვლელ-გამომვლელს ხან რუსულ ,,კალინკას“ ასმენიებდა, ხან ,,ბონი ემის“ მელოდიებს აყოლებდა თავადც ხმას. საღამოხანს იგივე ჰანგებით უკვე ზღვის სანაპიროზე შეკრებილი ხალხის ყურადღებას იბყრობდა. ერთხელაც, დავაპირე, მისი სადაურობა გამომეკითხა და გამეგო, რომელმა ქარმა გადმოაგდო ამ მხარეში, მაგრამ რომ მივედი, იქვე მდებარე საშაურმეში აფხაზებს ისე გამოეთროთ, ფეხზე ძლივს იდგა და დრანდის და კელასურისკენ მიმავალი მიკროავტობუსების მძღოლები ცივი წყლით ასულიერებდნენ.

მეორედ რომ მივაკითხე, ისევ იმ საშაურმეში იჯდა და თანამეინაახეებთან ერთად აფხაზურ ჭაჭას მიირთმევდა, თან დამტვრეული რუსულით სადღეგრძელოსაც ამბობდა. რა თქმა უნდა, კითხვებით აღარ შემიწუხებია.

image.jpeg 

მეორე უცხოელი, სავარაუდოდ რომელიღაც კონტინენტის აბორიგენთა შთამომავალი, სოხუმის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადის მოპირდაპირედ, ყოფილი ლენინისა და ამჟამად ლეონის ქუჩის კუთხეში აღმოვაჩინე. ის თავად უკრავდა ტუჩის ჰარმონიკაზე და მიდამოს სასიამოვნო მუსიკით ატკბობდა.   

 image.jpeg

სხვათაშორის, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის ქალაქებში მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს იშვიათად ნახავთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ფაქტი მათი დალხენილი ცხოვრების გამოა, უფრო, ალბათ სხვა გარემოებებით შეიძლება აიხსნას.  

თუ ვინმე ასეთი მაინც გამოჩნდა, რუსი ან სხვა ეროვნების უცხოელი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ზემოთნახსენები პირები.

ბიზნესსა და სხვა საქმიანობაზე ვილაპარაკე და იმ ადამიანებზეც უნდა ვთქვა, ვინც აფხაზეთის საჯარო სამსახურებსა და საბიუჯეტო ანაზღაურებაზეა. უპირველესად პენსიონრებზე უნდა მოგახსენოთ. მათი ყოველთვიური დახმარება 500 რუბლს არ აღემატება, რაც 25 ლარის ექვივალენტიც არ არის. ბუნებრივია, ოჯახში სხვა შემოსავლის გარეშე ამ თანხით ვერ იარსებებენ. რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილიც იმიტომ აქვთ, რომ პენსიის სახით მეტი დანამატები ჰქონდეთ. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ხელფასებიც საკმაოდ მცირეა, ამიტომ იქაური მაღალჩინოსნებიც კი, ყველა ამა თუ იმ, მცირე თუ დიდი  ბიზნესის მფლობელია.

ორიოდე სიტყვა აფხაზურ ტრადიციულ თავშეყრებზე, ქორწილებსა თუ სხვა სარიტუალო ღონისძიებებზეც უნდა მოგახსენოთ.

image.jpeg

ჩვენთვის რომ 200-300 კაციანი ქორწილები  ხალხმრავალ თავყრილობად ითვლება, ამდენი ადამიანი მათთან გარდაცვლილის ორმოცზე ან წლისთავზე იკრიბება.

აფხაზები მეტად გრანდიოზულ, 1000-1500 კაციან ქორწილებსა და ქელეხებს იხდიან. მაგალითად, როგორც შევიტყვე, ყველაზე ხალხმრავალ ქორწილს, რომელიც აფხაზეთში გადაიხადეს, 2000 სტუმარი ესწრებოდა; ყველაზე მინიმალურად, 700-800 კაციანი სუფრა ითვლება.

რაც შეეხება, ეგრეთწოდებულ გადასახურ თანხას, რომელიც ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთთან მიაქვთ, 5000 რუბლიდან (225 ლარი) იწყება. ეს თანხა შეიძლება რიგით მეზობელს ან შორეულ ნათესავს მიუტანონ, უფრო ახლობლებთან კი 10000 რუბლს (450 ლარი) და უფრო მეტს წერენ.

 image.jpeg

ახლა ცოტა რამ სწავლა-განათლებაზეც უნდა ვთქვა. როგორც ვიცით, აფხაზეთში მოქმედ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სასწავლო თუ ლაპარაკო ენა რუსულია. აფხაზური ენა, როგორც მშობლიური ენა, ცალკე საგნად ისწავლება. ოჯახებშიც, მეტწილად, რუსულად ლაპარაკობენ და აფხაზურს შიგადაშიგ გამოურევენ. ქუჩაშიც, ვინაიდან უმეტესობა რუსი მოქალაქე გხვდება, უფრო მეტად რუსული ენა ისმის, თუმცა სხვადასხვა დაწესებულებაში, ბაზარსა თუ ტრანსპორტში, აფხაზურ საუბრებსაც ხშირად გაიგონებთ.

image.jpeg

მოქმედებს ერთი უმაღლესი სასწავლებელი, ესაა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერისტეტი, თუმცა აფხაზი ახალგაზრდები, ვისაც სრულფასოვანი განათლების მიღება და ამა თუ იმ პროფესიის დაუფლება უნდა, უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში მიდიან და იქ აბარებენ გამოცდებს. ზოგი, რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ლიმიტით, სხვადასხვა ქალაქებში უგამოცდოდაც ირიცხება. თუმცა, ვისაც თავისი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით სურს არჩევანის გაკეთება, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სასწავლებლებს ირჩევს.  

წინა ნაწილში აღდგენილი ქუჩების ნაწილზე ვისაუბრე და ამჯერად, უმოქმედო თუ აღდგენილ შენობებზეც უნდა მოგახსენოთ.

2001 წლიდან ბოლო ვიზიტამდე, სოხუმის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც ლაკობას ქუჩის ბოლოში, ზღვის სანაპიროდან ასიოდე მეტრში მდებარეობს, ომისდროინდელ მდგომარეობაში მხვდებოდა. მართალია, დანგრეული არ იყო, მაგრამ არც სიცოცხლის პირი უჩანდა. ამ ჩასვლაზე კი სრულიად აღდგენილი, გარემონტებული და ამოქმედებული დამხვდა. უფრო მეტიც, შენობისთვის ფასადის ნაწილიც მიუმატებიათ და გვერდითა მხრიდან, ყოფილი თარხნიშვილის ქუჩიდან დღეს აღნიშნულ შენობაში, ბიბლიოთეკასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოც მოქმედებს.

 image.jpeg

ცენტრალური ბიბლიოთეკის გვერდით დგას სასტუმრო ,,სოხუმიც“, რომელიც ომის დროს დაიწვა და წლების განმავლობაში მისი ჩონჩხი გულსაკლავად გამოიყურებოდა. 10-12 წლის წინ ეს სასტუმროც გარემონტდა და ჩამოსულებს დღეს ,,ინტერ-სოხუმის“ სახელით მასპინძლობს.

image.jpeg 

იგივეს ვერ ვიტყვით, სოხუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ,,აფხაზეთზე,“ რომელიც ცენტრში მდებარეობს. ის, ჯერ კიდევ ომამდე, ხანძრის გაჩენის შედეგად დაიწვა და მას შემდეგ უმოქმედოდ დგას.

image.jpeg

ამ რამდენიმე ხნის წინ, ვიღაცას მისი პირველი სართულის ტერიტორია შეუსყიდია და იქ ღია კაფე მოუწყვია.

2000-ანი წლების დასაწყისში რუსულმა ფირმამ შეისყიდა ,,აფხაზეთის“ გვერდით მდგარი სასტუმრო ,,რიწა,“ რომლის ფასადიც კი შელამაზდა და გარედან კეთილმოეწყო, თუმცა სასტუმროს სრული რეაბილიტაცია და ამოქმედება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

image.jpeg 

მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი, ჩამონგრევის პირასაა სოხუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი ,,ამრა."  

image.jpeg

სოხუმის მთავარი გემბანის ტერიტორიაზე მდებარე ღია კაფე ,,აფრა" კი მინის კედლებით შემოუსაზღვრავთ. იქ დღესაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ყავა ან ნაყინი. 

 image.jpeg

სოხუმის კოლონადასთან დღემდე მოქმედებს ასევე ღია კაფე, რომელსაც ,,ბრეხალოვკას" ეძახიან და რომელიც იქაურების თავშეყრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. 

 image.jpeg

ომამდე აქ, ძირითადად, შუა ასაკის ქართველები და აფხაზები იკრიბებოდნენ, თამაშობდნენ ნარდს, დომინოს, ჭადრაკს, ამ მთისას და იმ ბარისას ჰყვებოდნენ, კამათობდნენ კიდეც სხვადასხვა თემებზე და ზღვისგან მონაბერ ჰაერს ცხელ ყავას აყოლებდნენ. 

ახლა ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით ამ ადგილას. 

image.jpeg

არავისთვის იქნება უცხო ის ამბავიც, თუ ვიტყვი, რომ სოხუმის ქუჩებს და ადგილებს ქართული სახელები დიდი ხანია შეუცვალეს. მშვიდობის პროსპექტსაც კი არ დაუტოვეს თავისი სახელი და მას ახლა აიააირას (გამარჯვების) ქუჩა ჰქვია. თავდაპირველად აიააირა ყოფილი კიროვის ქუჩას დაარქვეს, თუმცა მერე ისევ შეცვალეს და კიროვის ქუჩა დღეს არძინბას სახელს ატარებს, აიააირას ქუჩად კი მშვიდობის პროსპექტი გადააკეთეს.

რუსთაველის სანაპიროსაც შეუცვალეს სახელი და მას მოჰაჯირების სანაპირო დაარქვეს. თბილისის შოსე კოდორის შოსედ მონათლეს, ჭავჭავაძის ქუჩა - გულიას ქუჩად, ხოლო გულია - შოტლანდიის ქუჩად, ჩოჩუას ქუჩა - ძიძარიას ქუჩად, ყოფილი ძიძარია კი - ადიღეის ქუჩად, ბაგრატიონი ქუჩა - ბიგვავას ქუჩად, ჯგუბურიას ქუჩა - ჯონუას ქუჩად, ქუთაისის ქუჩა - უნივერისტეტის ქუჩად, ყაზბეგის ქუჩა - ჩერკასკის ქუჩად, ფშაველა - ვაინახის ქუჩად და ასე შემდეგ...

 image.jpeg

 

ირმა ბერიშვილი 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...