Jump to content
Planeta.Ge

ISFED: მოვუწოდებთ საგარეოს, გაასაჯაროოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით


„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ეხმაურება ცესკოს გადაწყვეტილებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბნის გახსნის შესახებ და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას.

„როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე ცესკომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ მეტი საარჩევნო უბანი გახსნილიყო საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ აქვს, მაგრამ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი პირების შესახებ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვამ და გამჭვირვალობის ნაკლებობამ გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ISFED წერს, რომ ცესკოს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვა ქალაქებში, რომლებშიც მის გახსნას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოითხოვდნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ პოზიციით, ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულ, არჩევნების ხელმისაწვდომობის პრინციპსა და საარჩევნო უფლების არსთან.

„აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ცესკოს არ უკრძალავს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მდგომ ამომრჩეველთა შესახებ, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით. არც საგარეო საქმეთა სამინისტროა შეზღუდული, იმავე პრინციპით მიაწოდოს ცესკოს სია. მსგავსი ინფორმაცია შესაძლებელს გახდიდა, დამატებით კონკრეტული ქალაქების მიხედვით გახსნილიყო საარჩევნო უბნები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ არ არსებობდა შესაბამისი ნება, რითაიც დაზიანდა ამომრჩეველთა საუკეთესო ინტერესები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ, ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 65 508 მოქალაქე იმყოფება. ცესკოს სხდომაზე ცესკოს წევრის, ანა კობახიძის, მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე 67 347 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის 27 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით. რაზეც, ამ დრომდე, სამინისტროს  პასუხი არ გაუცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მითითებული მონაცემების მიხედვით, საკონსულო აღრიცხვაზე  ამ ვებგვერდის მეშვეობით 129 906-მა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. მას შემდეგ რაც განსხავებული რიცხვების არსებობამ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც: „ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებ-გვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე“ და მოიცავს არამხოლოდ ამომრჩეველს, არამედ სხვა პირებსაც.   თუმცა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რამდენია ამ სტატისტიკიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო უფლების მქონე პირი, ასევე ქვეყნების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა (მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც 50 ამომრჩეველზე ნაკლებია და არ იხსნება საარჩევნო უბანი). ამასთანავე, უცნობია ვებგვერდის გარდა, რამდენმა ადამიანმა გაიარა საკონსულო აღრიცხვა ფოსტის ან საკონსულოში პირადი ვიზიტის მეშვეობით“, – ამბობს ორგანიზაცია.

მაღალი საჯარო ინტერესისა და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, საჯარო გახადოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...