Jump to content
Planeta.Ge

“ქართული ენა გალში არასდროს გაქრება”- მოხალისე მასწავლებელი გალიდან


25 წლის გიგა ბენია თბილისში მომუშავე ჟურნალისტია გალის რაიონიდან. სკოლა გალის რაიონის სოფელ წარჩეში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩააბარა. როგორ ყველა გალელმა, გიგასთვისაც არაა უცხო ქართულ ენაზე სწავლების სირთულეები გალში, შესაბამისად, ამჟამად ცდილობს, გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართული ენისა და ისტორიის შესწავლაში უსასყიდლოდ დაეხმაროს.

“სკოლის პერიოდში, რადგან ქართულის სწავლება აკრძალული იყო, მე კი ეროვნულებისთვის უნდა მოვმზადებულიყავი, ზუგდიდში ვიპარებოდი და იქ ვემზადებოდი. ხან სკოლაში დავდიოდი, ხან ზუგდიდში მივდიოდი”.

გიგა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა,  მისი სკოლა რუსულენოვანი იყო, ბავშვებმა რუსული კარგად არ იცოდნენ და ცდილობდნენ ქართული ჩუმად ესწავლათ. 

“ვცდილობდით, რომ ჩვენი ენა და რეალური ისტორია გვცოდნოდა და არა დამახინჯებულ ფაქტები, რომელთაც რუსეთი ცდილობდა, რომ გვესწავლა. მეცხრე კლასის შემდეგ საერთოდ აიკრძალა და ძალიან კონტროლდებოდა ის, რასაც ვსწავლობდით. მაშინ ბავშვები ერთმანეთს ვეხმარებოდით, გვეხმარებოდნენ მასწავლებლები, რომ გვცოდნოდა სწორი ინფორმაცია”.

გიგა ამბობს, რომ გამოცდების ჩასაბარებლად ხშირად უწევდათ შემოვლითი გზებით სიარული – ენგურის გადაცურვა, ტყით მალულად გადასვლა.

“ყოფილა შემთხვევა, როდესაც ღამის პირველ საათზე არასრულწლოვანი ბავშვი რუსებმა დამიჭირეს და გადამიყვანეს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. გადმომიცურავს ენგურიც და ყოველთვის ვიტყუებოდი, რომ მივდიოდი ექიმთან. 

რადგან კარგად ვსწავლობდი, იყო ის მიზანი, რომ სოხუმში მესწავლა, მაგრამ ყოველთვის ვხედავდი და ვიცოდი, რომ მე იქ ცხოვრებით და იქ სწავლით ვერ დავუპირისპირდებოდი ოკუპაციას და პროპაგანდას. ვარჩიე უკეთესი ცხოვრება, რომ აქედან რაიმე გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი კუთხისთვის”.

საჭირო დოკუმენტების არქონის გამო, გიგა დღესდღეობით გალში ვერ ჩადის. მისი თქმით, აფხაზეთში ბოლოს 5 წლის წინ იყო. 

მისი თქმით, 2016 წელს მისცეს ე.წ. “ფორმა 9”, რომელსაც სჭირდებოდა გარკვეული პერიოდების მანძილზე ვადის გაგრძელება. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ რამდენიმეჯერ ყოფილა გალში, თუმცა, როდესაც აქტიური მოქალაქე გახდა და მეტად დაიწყო საუბარი ოკუპაციაზე და ისეთ თემებზე, რაც მისი თქმით, ოკუპანტებისთვის “მისაღები არ არის”, სახლში ვეღარ ჩადის. 

“მათ პირადად ჩემთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, თუმცა გადმოცემებით ვიცი იმ ბავშვებისგან, რომლებიც გალში დაბარებული ჰყავთ რამდენიმეჯერ დაკითხვაზე, რომ აინტერესებდათ, რას ვაკეთებდი, სად ვიყავი და ა.შ. შემომითვალეს, რომ ვიყავი ე.წ. “მოღალატეთა სიაში”. შესაბამისად, ვერ ჩავდივარ და, შესაბამისად, არ მაქვს საჭირო დოკუმენტიც”.

სკოლაში სიარულის დროს ხშირად ამჩნევდა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ქართულად სწავლა უჭირდათ. როგორც ამბობს, ყოველთვის ცდილობდა, რომ შესვენების დროს შესულიყო მათთან და მოეყოლა ფაქტებიც ისტორიიდან.

“ვცდილობდი ამეხსნა, რომ რუსეთი მტერია და აფხაზეთი არის ოკუპირებული – მეთქვა ის სიმართლე, რაც არსებობდა და რისი გაგებაც არცთუ ისე მარტივი იყო. რაც სკოლა დავამთავრე, მას შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და ქართულის საათები შემცირდა. ვხედავდი, რომ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლებაც ვერაფერს აკეთებდა, რომ რაიმე სახის დახმარება გაეწია – ან ონლაინ სწავლებით, ან რაიმე გავლენა მოეხდინა, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით.

როდესაც ერთმა ბავშვმა მკითხა  ასო “თ” როგორ იწერებოდა და როგორ განესხვავებინა “ტ” და “თ” ერთმანეთისგან, მაშინ მომინდა, რომ რაღაც მესწავლებინა მისთვის და აქედან წამოვიდა ის იდეა, რომ მე შემეძლო რაღაც გამეკეთებინა იქაური ხალხისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ და რეალურად სურთ იყვნენ აქაც და არ აქვთ ამის შესაძლებლობა”.

გიგას თქმით, პატარა ასაკის მოსწავლეებში რუსული პროპაგანდა უფრო ძლიერად მოქმედებს და ისინი ქართულ ენას სულ უფრო ნაკლებად იყენებენ კომუნიკაციისთვის.

ის იხსენებს, რომ როდესაც სკოლაში რაიმეს რუსულად ვერ იგებდა, მასწავლებელი მეგრულად უთარგმნიდა, რადგან ქართულად ახსნა არ იყო დაშვებული. დღესდღეობით კი, მისი თქმით, ბავშვებმა მეგრულიც ცუდად იციან. 

“მე მინდოდა და მინდა, რომ შევებრძოლო ჩემი წილით რუსეთს და არ დავუთმო ის ბავშვები, რომლებიც საქართველოს მომავალი არიან. სანამ ერთი სიტყვა მაინც იქნება ქართული აფხაზეთში, ჩვენ არასდროს გავრუსდებით და სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ ქართული არ იყოს იქ დავიწყებული”.

მისი მოსწავლეები ძირითადად ბავშვები არიან გალის რაიონიდან- მეტწილად, სოფლებიდან. მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, ქალაქში ქართულის ცოდნის დონე უფრო დაბალი აღმოჩნდა, ხოლო სოფლებში, განსაკუთრებით კი ზუგდიდთან მოსაზღვრე სოფლებში, ბავშვებმა ენა უკეთესად იციან. თუმცა, გიგას თქმით,  გამართულად მეტყველება და წერა მათაც უჭირთ. 

გიგას თქმით, გალში მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულად წაკითხულის შინაარსის ზეპირად და წერილობით გადმოცემა უფრო პრობლემურია, ვიდრე აზრის გამოტანა.

“ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ვერ ალაგებენ წინადადებებს გამართულად. მეორე კი ის, რომ კომპლექსი აქვთ  იმის, რომ ქართული არ იციან. მეც ვესაუბრები მეგრულად, რუსულად. რუსულად საუბარი განსაკუთრებით უფრო ქალაქელ მოსწავლეებთან მიწევს. თავიდანვე ვეუბნები, რომ ჩვენ არ ვისაუბრებთ რუსულად და ვისაუბრებთ ქართულად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მაინც მიწევს ახსნა.

ერთმა მოსწავლემ, ვერ გაიგო, “ძაღლი” რას ნიშნავდა, ასევე იმის ახსნაც მომიწია, დედა რომ “მამაა” და მამა რომ “პაპაა”, რაც ძალიან გაუკვირდა.

ელემენტარულ საკითხებშიც კი პრობლემებია, თუმცა მე მესმის მათი და აღსანიშნავია ამ ბავშვების მონდომება, რომ მათი დიდი ნაწილი მაინც აბარებს ეროვნულ გამოცდებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უგამოცდოდ შეუძლიათ ჩარიცხვა, რადგან მათ აინტერესებთ საკუთარი ცოდნა და საკმაოდ კარგადაც აბარებენ. თუმცა ამისთვის არის ძალიან დიდი რესურსი და წვალება საჭირო”.

გიგა იხსენებს, რომ მისი ერთ-ერთი მოსწავლე ეთნიკურად აფხაზის შვილი იყო. ამ მოსწავლეს ის გაძლიერებულ და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, განსაკუთრებით ისტორიასთან მიმართებაში.

“მას აქედან ვუგზავნიდი წიგნების ელექტრონულ ვერსიებს. ვსაუბრობდით აფხაზეთის თემაზე და მკითხა, სინამდვილეში რა მოხდა და ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მეთქი, რა მოგიყვა დედაშენმა? მას გაეცინა და თქვა, რომ მე ვიცი, აფხაზეთი აფხაზეთიაო. ეს ბავშვი, საბოლოოდ, თბილისში გადმოვიდა სასწავლებლად”.

გიგა ამბობს, რომ ისტორიის ცოდნის დონეც საკმაოდ დაბალია მოსწავლეებში, რადგან “ბავშვებს ძალიან უჭირთ მომხდარის გააზრება“ მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ნაწილთან კომუნიკაცია არ აქვთ. 

“ყველა ბავშვმა და ყველა ადამიანმა იცის აფხაზეთში, რეალურად ვინც “ქართველობს” და არ სეპარატისტობს, რომ აფხაზეთი საქართველოა. ეს ამ დონეზე იციან და მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთი რატომ არის მტერი, რა გააკეთა – არამხოლოდ აფხაზეთის ომში, მანამდეც. ასევე, საბჭოთა კავშირის ისტორია არ ისწავლება, სინამდვილეში როგორც იყო, რადგან რუსული ისტორიის სახელმძღვანელოებში ყველაფერი სხვანაირად წერია. თუმცა, ქართულის ცოდნა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოს ისტორიის”.

მიუხედავად რუსიფიკაციის პროცესის ყოველწლიურად გამწვავებისა, გიგა მიიჩნევს, რომ ქართული ენა და იდენტობა გალში მაინც არასდროს გაქრება.

“არასდროს მოხდება ის, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაივიწყონ საკუთარი ენა, თუნდაც იყოს ეს დამახინჯებული ქართული. იქ ქართული ენა ყოველთვის იქნება და ყოველთვის იარსებებს. სანამ ერთი სიტყვა მაინც გაისმება გალში ქართულად, მანამდე ჩვენ არ გავრუსდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთი კი არა ჩვენი ყველა სიტყვა გაისმება ახლაც და მომავალშიც. ის, რომ ბავშვები სასწავლებლად აქ მოდიან, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გააკეთონ რუსებმა და სეპარატისტებმა და ვითომ “აგუ-ში” (აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩააბარებინონ. ყველა რომ აქ მოდის, დასტურია იმისა, რომ ქართულისადმი ინტერესი და საქართველოს მთლიანობისადმი სურვილი ამ ადამიანებს აქვთ. 

ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დღეს გალში, უმეტეს სოფლებში, საათი თბილისის დროითაა და არა მოსკოვის. მათთვის თენდება თბილისის დროით და ღამდება თბილისის დროით”.

რაც შეეხება საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივას სხვა ადამიანების ჩართულობით, გიგა ამბობს, რომ ჯერჯერობით ამაზე არ უფიქრია და ამ ეტაპზე შეუძლია მოახმაროს საკუთარი რესურსები ბავშვებს, რადგან ამისთვის აუცილებელია სხვა ადამიანების “შეწუხება” და ფინანსური რესურსები. 

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პოსტის შემდეგ რამდენიმე კომპანია დამიკავშირდა, რომლებმაც შემომთავაზეს დახმარება იქ მცხოვრები ბავშვებისთვის – ზოგმა სახელმძღვანელოებით, ზოგმა ლეპტოპებით, ზოგმა ფინანსურად, და ეს ძალიან გამიხარდა. თუ სამომავლოდ დამჭირდება რაიმე სახის დახმარება, რაშიც მოვიაზრებ გალის რაიონში მცხოვრები ბავშვების დახმარებას, უკვე მაქვს იმედი, რომ გვერდით დამიდგებიან ადამიანები, რომლებსაც აღელვებთ ჩვენი ქვეყნის ბედი”.

გიგა აღნიშნავს, რომ სწავლების პროცესში პრობლემა არის ინტერნეტი და ტექნოლოგიები – ბავშვებს არ აქვთ ლეპტოპები და ტელეფონები. მისი თქმით, მათ უწევთ მშობლების ტელეფონებით სარგებლობა, რომელთაგანაც ზოგი დილიდან საღამომდე სამსახურშია, რაც არ უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ დღის მანძილზე რამდენჯერმე დაეკონტაქტოს მოსწავლეებს.

გიგა მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების როლზე და აღნიშნავს, რომ მთავრობის განცხადებები, თითქოს, ქვეყანაში მშვიდობაა და ყველაფერი კარგად არის, გაუგებარია მისთვის

“მე ვერ ვხვდები, რომელ მშვიდობაზე არის საუბარი, როდესაც გალში ადამიანებს არ აქვთ უფლება ისწავლონ საკუთარ ენაზე, არ აქვთ დანარჩენ საქართველოში თავისუფლად გადაადგილების უფლება. რომელ მშვიდობაზეა საუბარი, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის. მთავრობა არ ესაუბრება დევნილებს – ისინი სჭირდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც არის არჩევნები და აღდგომაზე რომ რამდენიმე ოჯახს წითლად შეღებილი კვერცხი მიუტანონ. ყოველთვის ამას ვამბობ და ეს ეხება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ზოგადად პოლიტიკოსებსაც, რომლებმაც არ იციან, რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს იქ”.

ის ამბობს, რომ წლების წინ არსებობდა პროგრამები, გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრაცია რომ მომხდარიყო ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან. მისი თქმით, ახლაც კეთდება პროექტები, მაგრამ არასდროს არის მორგებული რეალურ პრობლემებზე. 

“არ ელაპარაკებიან და გველაპარაკებიან იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც გვაქვს უშუალოდ შეხება იქაურობასთან. არ გვეკითხებიან, რა ხდება და ჩვენი პოზიციებიდან გამომდინარე – სად ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ. ამის გამო ყველგან გვბლოკავენ და შემდეგ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც ყველაფრის მიღმა რჩებიან. ისინი არიან უყურადღებოდ და საერთოდ ვერ გრძნობენ, რომ საქართველოს მთავრობას მათი მომავალი აღელვებს”.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...