ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება | საიას შუალედური ანგარიში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში მოიცავს 2024 წლის 1-ლი ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას.
საიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა დროსაც კვლავ ნაკლები აქცენტი კეთდებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პროგრამებსა და შესაბამის კონკურენციაზე.
„როგორც „ქართული ოცნება”, ისე ოპოზიციური პარტიები მომავალ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავდნენ. მძაფრი პოლარიზაციის ფონზე, პოლიტიკური დისკურსი და საინფორმაციო სივრცე მოცული იყო მკვეთრი ურთიერთბრალდებებით.
„მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებას ცდილობდნენ და მათ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ისინი „გარედან მართულ [აგენტებად]” და „ბოროტ ძალად” მოიხსენიებდნენ
გარდა ამისა, ორგანიზაცია წერს, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან კვლავ აქტუალური იყო ანტიდასავლური რიტორიკა, ომისა და მშვიდობის საკითხები, ანტი-ლგბტქ გზავნილები, წინა ხელისუფლების დასჯის რიტორიკა. გარდა ამისა, გრძელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის მიზნით წარმოებული კამპანია“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და ნათქვამია, რომ „დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას“.
„საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან საჯაროდ ამ ტიპის გზავნილების გავრცელება შემაშფოთებელია. მსგავსი რიტორიკა პრობლემურია, რადგან ის მიზნად ისახავს ოპონენტების სტიგმატიზაციას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაღვივებას. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი ხმის მნიშვნელობის შეგრძნება და არა იმის განცდა, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობა ფუჭია, რადგან მის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს“, – წერს საია.
საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა საარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში ხელშეშლისა და ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმის შემთხვევებიც.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები ზრდის პოლარიზაციის და კონფრონტაციის დონეს, რაც ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდზე და საფრთხეს უქმნის თავად არჩევნების დღის მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.
საია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ, არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა.
„ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა შეიკავოს ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან და არ უნდა დაუშვას სხვა პარტიების საქმიანობისთვის ხელის შეშლა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილია კლეოპატრა ქარუმაშვილის სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეც. საია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირის სამსახურიდან გათავისუფლება, შესაძლოა, შეიცავდეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ქარუმაშვილის კომპეტენცია არ გამხდარა სადავო და, მისი თქმით, რეორგანიზაციას, რეალურად, შტატების შემცირება არ მოჰყოლია.
დოკუმენტში ასევე განხილულია სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის ფაქტი, როდესაც საჯარო მოხელეები, ადგილობრივ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირები და პედაგოგები 21 აგვისტოს მცხეთაში, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე დასასწრებად იკრიბებოდნენ.
საიას თქმით, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პარტიული ღონისძიებებისთვის მობილიზება და მათი, სავარაუდოდ, მოტყუებით ჩართვა, მათ შორის, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ცუდ პრაქტიკას ამკვიდრებს, ბუნდოვანს ხდის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ხელს უშლის თანასწორი, სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვას.
რაც შეეხება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა ან/და ამომრჩევლის შესაძლო დაშინებას, ანგარიშში ვკითხულობთ:
„გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ვეტერანების საქმეთა სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ქუთაისში ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის თავდაცვის სამინისტროს საქვეუწყებო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ომის ვეტერანების დასახმარებლად სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს ახორციელებს. როგორც საიას სადამკვირვებლო მისიისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრის დაწყებისას კობალაძემ შეკრებილ 50-მდე ვეტერანს განუცხადა, რომ არჩევნები ახლოვდებოდა და „მათ იცოდნენ, რა არჩევანიც უნდა გაკეთებინათ“ (ვისთვის უნდა მიეცათ ხმა).
კობა კობალაძე, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, საჯარო მოსამსახურის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მიხედვით, ვალდებულია, თავისი საქმიანობა პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად წარმართოს.
მან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად. მსგავსი შემთხვევები, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული ცუდი პრაქტიკის ნაწილია.” – ნათქვამია ანგარიშში.
საიას შეფასებით, ეს შემთხვევა შეიძლება განხილული იყოს, როგორც საჯარო მოსამსახურის (თანამდებობის პირის) მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. ასევე, საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რითაც შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ და, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება მოახდინონ.
ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.