Jump to content
Planeta.Ge

ჩეხეთის სასამართლომ გაამართლა რუსი ალექსანდრ ფრანჩეტი, რომელსაც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად


ჩეხეთის სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ფრანჩეტის, რომელიც უკრაინის თხოვნით 2021 წლის სექტემბერში, პრაღაში დააკავეს.

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ არ არსებობდა რუსეთის მოქალაქის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა და მას პროკურატურა გაასაჩივრებს.

რუსეთის საელჩოს პრესმდივნის ნიკოლაი ბარიაკინის თქმით, ფრანჩეტი თავისუფლებაზე უნდა დაელოდოს საქმის შემდგომ განვითარებას, თუმცა მას ჯერ არ დაუტოვებია საპატიმროს შენობა.

ფრანჩეტი აქტიური მონაწილე იყო ყირიმში 2014 წელს განვითარებული პროცესებისა. რუსეთის მიერ რეგიონის სამხედრო ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მან შექმნა გასამხედროებული დაჯგუფება სახელად "ჩრდილოეთის ქარი", რომელმაც წვლილი შეიტანა ელექტროგადამცემი ხაზების და გაზსადენების ხელში ჩაგდებაში. YouTube-ზე განთავსებულ ინტერვიუში ფრანჩეტი ამბობდა, რომ მოქმედებდა ყირიმის პორტ სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო შტაბთან კოორდინაციით.

ჩეხეთის მედიის თანახმად, ფრანჩეტი 2000 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა პრაღაში და მწვრთნელად მუშაობდა ერთ-ერთ ფიტნესკლუბში.

ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე 2021 წლის სექტემბერში დააკავეს.

მიმდინარე წლის თებერვალში პრაღის სასამართლომ გადაწყვიტა ალექსანდრე ფრანჩეტის ექსტრადიცია უკრაინაში, სადაც ის ეჭვმიტანილია ყირიმის ანექსიის დროს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობაში.

უკრაინაში მას რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...