Jump to content
Planeta.Ge

ვახუშტი მენაბდე - ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა


კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა. როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის.

„თუ ამ პოსტს გადააზიარებთ, შეიძლება თქვენზე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდეს. აბსურდულად ჟღერს? ხელისუფლებამ ეს აბსურდი მოქმედ წესად აქცია. ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა.

კანონმდებლობაში გვაქვს ასეთი ცნება: „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი“. პირი ასეთია, როცა: სურს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა; აცხადებს ამას საჯაროდ და ხელს უწყობს ამის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობის ყველა წესი და შეზღუდვა რაც პარტიებზე. ამ ჩანაწერის მიზანი მარტივადაა გასაგები: კანონს სურს რეგულირების ქვეშ მოაქციოს ყველა, ვინც ცდილობს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას. ანუ, თუ პარტიად რეგისტრირებული არ ხარ, მაგრამ გაქვს ის მიზნები რაც აქვს პარტიას - ეს კანონი არ მოგცემს საშუალებას, შეზღუდვებს და გამჭვირვალობის მოთხოვნებს თავი აარიდო.

ახლა როგორ განმარტა ეს ბიურომ (სასამართლოზე დაყრდნობით): მან თქვა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ყოფნა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მხოლოდ ის კი არ არის, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ისიც, როცა, რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აკეთებ საჯარო განცხადებას. ეს განცხადებები პირს პოლიტიკური პარტიის ექვივალენტ სუბიექტად აქცევს და მასზე გაავრცელა ყველა ის წესი, რაც პარტიაზე ვრცელდება.

ბიუროს მიერ ნორმის ასეთ ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საჯარო იტყვის: „ხმა არ მისცეთ ქოცებს!“, ან „ხმა არ მისცეთ ნაცებს!“, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, ანუ ფაქტობრივად არარეგისტრირებულ პარტიის სტატუსს იძენს.

ახლა ის ვთქვათ, რა არის ეს შეზღუდვები (არასრული ჩამონათვალი), რაც ასეთ პირებზე ვრცელდება (იმ ნაწილში რა ნაწილშიც, რაშიც ისინი მოქმედებენ, როგორც განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები): საერთაშორისო შემოწირულების (როგორც ფულადი, ისე მომსახურება, ან მის ნაცვლად ხარჯის გაღება, არამატერიალური ფასეულობა, ფასდაკლება) მიღების აკრძალვა; ყველა შემოწირულების დადეკლარირება; 5000 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქრის გაცემა; კრედიტის აღების ლიმიტი; საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი რამით დაინტერესება, უფასო მომსახურება იქნება ეს, თუ რამის გადაცემა, დაპირებასაც კი.

„ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ის მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას. ის აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს”, - წერს მენაბდე.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...