საია და ISFED ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებას “კანონის თვითნებურ განმარტებად” აფასებენ
“სამართლიანი არჩევნებისა” (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო თვითნებურად განმარტავენ კანონს.
ასე ეხმაურებიან ისინი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “აირჩიე ევროპისთვის”, ასევე, ამ ორგანიზაციების ლიდერების საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობას.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუმართლებლად ფართოდ და კანონთან შეუსაბამოდ განმარტა კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტი, გამოიყენა რა თბილისის სააპელაციო სასამართლო მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ “აირჩიე ევროპის” საქმიანობა “განცხადებული საარჩევნო მიზნის” დეფინიციაში ექცეოდა. საყურადღებოა, რომ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია სუბიექტის “ხელისუფლებაში მოსვლის მიზანზე”, რომელიც არსებითი ელემენტია მისი “განცხადებული პოლიტიკური მიზნების” მქონე პირად მიჩნევისათვის.
საიას და “სამართლიანი არჩევნების” აზრით, ანტიკორუფციული ბიუროსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ დადგენილი “განცხადებული საარჩევნო მიზნის” ცნების თვითნებური და არასწორი განმარტება, შესაძლოა წარმოადგენდეს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობისა (სამოქალაქო აქტივიზმისა) და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი დიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. შესაბამისად, “ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად”.
ორგანიზაციების განმარტებით, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი პარტიების, საარჩევნო სუბიექტების და გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგია. მათი შეფასებით, უწყების მიერ იმ სუბიექტების მონიტორონგი, რომლებსაც გაცხადებული საარჩევნო მინები არ აქვთ, მით უფრო, ამ მონიტორინგის საფუძველზე, დაუსაბუთებელი არგუმენტებით, მათი ამგვარი სუბიექტებად ცნობა, უკანონოა.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, პარტიისთვის დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. განცხადებული საარჩევნო მიზანი კი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.
ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ მსგავსი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში არის უფლებამოსილი, მონიტორინგის ფარგლებში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული შეზღუდვები გაავრცელოს სხვა პირებზე”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
დღეს, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.
ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
ამავე თემაზე:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.