გასულია კანონის ჩარჩოებიდან – NGO-ების წარმომადგენლები ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებიდანაა გასული.
კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.
როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, „რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.
მისი თქმით, ეს არის საშიში პრეცედენტი და „როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ბიუროს თვითნებობას სასამართლო შეზღუდვის ნაცვლად, გზას უკვალავს“.
„მისი[ანტიკორუფციული ბიუროს] მანდატი ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგზე. განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი.
რამდენიმე დღის წინ, ბიურომ სრულიად დაუსაბუთებლად მიმართა სასამართლოს და ითხოვა ორგანიზაცია ,აირჩიე ევროპის“ და მასთან დაკავშირებული პირებისაგან ფინანსური ინფორმაცია. ამის გაკეთება მას არ შეეძლო, რადგან გამოკვეთილი არ იყო ის სუბიექტი, რომლის მონიტორინგიც მიმდინარეობდა.
ბიურო აღმოჩნდა პროცედურულ ჩიხში. თუმცა, მას მაშველ რგოლად სააპელაციო სასამართლო მოევლინა, რომელმაც კანონს მისცა იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლითაც გზა გაუხსნა ბიუროს შემდგომ უკანონო ნაბიჯებს.
ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბიურომ დღეს განცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოაცხადა და შესაბამისად, საკუთარი მანდატი გაივრცელა მის ფინანსურ მონიტორინგზე“, – დაწერა Facebook-ზე ნონა ქურდოვანიძემ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის გურო იმნაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება სამართლის უზენაესობის სტანდარტებში ვერ ჯდება და ეს სამართლის თეატრალიზებაა.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს სამართლებრივი თვითნებობის ახალი სიმაღლე დაიპყრო და საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „აირჩიე ევროპა“.
რაჟდენ კუპრაშვილის ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ ჯდება სამართლის უზენაესობის სტანდარტებში და პირიქით, ეს არის სამართლის თეატრალიზება, ფორმალური ნორმებით და პროცედურული არგუმენტებით სამართლის ბაზისური პრინციპების ფეხქვეშ გათელვა.
ოდნავ უკან რომ გავიხედოთ და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ისტორია გავიხსენოთ (სულ რაღაც 2023 მარტში ამოქმედდა ეს სამსახური), იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ღიად ავტორიტარული ზრახვების და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე ხელისუფალს ახალი სამსახურის შექმნა არ უნდა მოვთხოვოთ. პირველ რიგში სწორედ ჭარბი და უკონტროლო პოლიტიკური ძალაუფლება უნდა დაბალანსდეს, სხვა შემთხვევაში, ასეთი ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი ნებისმიერი ახალი სამსახური მაქსიმუმ დემოკრატიული კონტროლის ილუზიას ქმნიდეს, უარეს შემთხვევაში კი ეს ახალი სამსახური ავტორიტარიზმის ახალ იარაღად იქცევა. ისევე როგორც ანტიკორუფციული ბიურო იქცა წინასაარჩევნოდ სამოქალაქო ჯგუფების ახალ მდევნელად“, – დაწერა Facebook-ზე გურო იმნაძემ.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.
ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.