Jump to content
Planeta.Ge

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდების მუხლით


კოლონიაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ შეტყობინება ნავალნის სახელით გამოქვეყნდა მის სოციალურ მედიაში.

სავარაუდოდ, საქმე აღიძრა ბრალდებით, თითქოს ნავალნი "პროპაგანდას უწევდა ტერორიზმს, საჯაროდ მოუწოდებდა ექსტრემიზმისკენ, აფინანსებდა ექსტრემისტულ საქმიანობას და ახდენდა ნაციზმის რეაბილიტირებას." გამოძიება ექსტრემისტულად მიიჩნევს ნავალნის თანამოაზრეების მიერ მართულ იუტუბის არხ "პოპულარულ პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ მასალებს.

 

"რამდენადაც დადგენილებიდან მივხვდი, ჩემი ბრალი ნაციზმის პროპაგანდაში მდგომარეობს იმაში, რომ ვოლკოვმა "პოპულარული პოლიტიკის" ეთერში თქვა, რომ "პოლკოვნიკი შტაუფენბერგი მართალი იყო, ჰიტლერის მოკვლა რომ სცადა, ის უნდა მოეკლათო." რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და პუტინის აზრით, ჰიტლერი კანონიერი ხელისუფლებაა, მისი აფეთქება კი - ექსტრემიზმი", - წერს ინსტაგრამში ალექსეი ნავალნი.

ახალი ბრალდების ფონია რუსეთის საერთო იურისდიქციის საკასაციო სასამართლოს 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილ იქნა ალექსეი ნავალნის საჩივარი მის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ცხრა წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით.

 

ნავალნის განაჩენი მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ გამოუტანა 22 მარტს პოკროვის კოლონიაში გასვლით სხდომაზე. ოპოზიციონერი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში თავისი კორუფციასთან ბრძოლის ფონდისთვის შეწირულებებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის. ის და მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ საქმე პოლიტიკური ხასიათისაა.

ნავალნი პოლიტპატიმრადაა მიჩნეული უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ მიერ, სინდისის პატიმრად - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ. მისი გათავისუფლება მოითხოვეს მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...