Jump to content
Planeta.Ge

ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ მოაწერა გახარიას პარტიამ ხელი “ქართულ ქარტიას”


პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის „ქართული ქარტის“ ხელმოწერით პარტია კომპრომისზე წავიდა, მას შემდეგ, რაც „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება ვერ მოხერხდა.

ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, „ფორმულაზე“ ისაუბრა.

გოგიჩაიშვილის თქმით, მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არც „ქართული ოცნება“ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტის ქარტიაც პასუხობს, რომელიც არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის შექმნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვისზეც „ძლიერ საქართველოსთან“ ვერ შემდგარმა გაერთიანებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა, ქარტიაზე ხელმოწერა პოზიტიური უკუგება იყო.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებას არ მივცემთ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოვუშვებთ მთავრობაში.  ჩვენ ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო დიდი გაერთიანება მომხდარიყო შუაში, რომელიც ბუნებრივი ხმებით და მანდატებით უზრუნველყოფდა ამ მანდატს. რადგან ეს არ მოხდა, ამიტომ ჩვენ წავედით პოლიტიკურ კომპრომისზე და მოვაწერთ ხელი [ქარტიას], რომელიც აბსოლუტურად პასუხობს იმ მთავარ პოლიტიკურ ხაზს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

23 სექტემბერს პარტიამ „გახარია — საქართველოსთვის“ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“.

ამ დრომდე, „გირჩთან“ ერთად, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რჩებოდა იმ ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტის ქარტიაზე ხელი არ მოუწერიათ.

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს წარადგინა იმ ნაბიჯების გეგმა, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.

„ქართული ქარტია“ ითვალისწინებს ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების, მათ შორის რუსული კანონის გაუქმებას; 2024 წლის პროტესტის მონაწილე დემონსტრანტების ამნისტიას; მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის (ე.წ. ვეტინგის) ამოქმედებას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ძალოვანი უწყებებისა და მარეგულირებელი ორგანოების რეფორმას.

ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რომ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეასრულებენ და ჩაატარებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამასთან, დროებითი მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.


გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები გაერთიანებაზე პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობდა და შეთანხმების გარეშე დასრულდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების სამდღიანი მოლაპარაკებებისას მხარეები 9 პუნქტზე შეთანხმდნენ.

გიორგი გახარიას პირობა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად იყო ნეიტრალური პლატფორმა, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტული პრინციპი და კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთანა“.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...