IDFI: საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
IDFI-ის განცხადებით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
ორგანიზაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია, საიდანაც 30 000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული.
კვლევის თანახმად, რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20 885-ს აქვს – IDFI-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, მათგან 8.1% კი რუსეთთან არის დაკავშირებული.
„რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო. რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან.
ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო.
ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია”, – ნათქვამია კვლევაში.
მათი ცნობით, რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ
„რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცემთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, აქტიური სტატუსის მქონე კომპანიებიდან კი 100.
მათ შორის, მაგალითად გვხვდება შპს „ქართული ოცნება”, რომლის საქმიანობაა ხმის ჩაწერის და მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო საქმიანობები.
კომპანიის 100%-ს ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს და საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, რომელიც 2018 წლით თარიღდება, ბერა ივანიშვილი საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქედ არის რეგისტრირებული”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში,
მათივე ცნობით, ორმაგი მოქალაქეების გარდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების 6%-ის (2,041 კომპანია) თანადამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე – ხოლო რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34 857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი (მფლობელი არ არის ორმაგი მოქალაქე ან თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე).
კვლევის ფარგლებში დამატებით გადამოწმდა რამდენად დიდია აღნიშნულ კომპანიების დამფუძნებელ რუსეთის მოქალაქეებში ეთნიკურად ქართველების წილი. IDFI-ს შეფასებით ამ კომპანიებიდან მხოლოდ 4%-ის ( 1,209 კომპანია) დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქის გვარი არის ქართული წარმომავლობის.
IDFI-ში აღნიშნავენ, რომ რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.