პროფესორი დიმიტრი შველიძე ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს
პროფესორი დიმიტრი შველიძე აჩერებს მუშაობას უახლესი ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოზე, რომლის რედაქტორიც „ქართული ოცნების” წევრი და რუსული კანონის მხარდამჭერი გიორგი სოსიაშვილია.
სახელმძღვანელო, რომლის შედგენაც კონკურსის გარეშე გადაწყდა, საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ სხვა წიგნებით სკოლებში აღარ ასწავლიან.
მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე მუშაობდნენ.
დღეს, 22 სექტემბერს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ დაწერა, რომ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას აჩერებს „სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი – გაგრძელდება თუ არა სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები”.
როგორც ისტორიკოსი ამბობს, მე-12 კლასის ე. წ. „სასწავლო რესურსზე“, რაშიც იგულისხმება სასწავლო საგანი: „საქართველოს XX-XXI საუკუნეების ისტორია” – მუშაობა 2024 წლის ზაფხულში დაიწყო.
მისივე განცხადებით:
„როგორც განათლების სამინისტროში აგვიხსნეს, უნდა მომზადებულიყო დროებითი სახელმძღვანელო, ანუ როგორც უწოდებენ „სასწავლო“ რესურსი“ მე-12 კლასისათვის, საქართველოს ისტორიაში.
„სასწავლო რესურსი“ მოიცავს სამ თემას და შესაბამის პერიოდს:
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
- საქართველო საბჭოთა კავშირში;
- საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.
როგორი ვითარებაა დღეისათვის:
დღემდე მე მოვამზადე „რესურსის“ პირველი ნაწილის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, უნდა ისწავლებოდეს – წელს, პირველ სემესტრში.
ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი გახდა რომ საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი, ისტორიის სახელმძღვანელოებზე აქამდე მიმდინარე კონკურსების შესაძლო გაუქმებისა და ერთი, მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღების შესახებ.
ამგვარი შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი ბ-ნ გიორგი ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ფბ განცხადებაში, რომელსაც მოჰყვა ფართო გამოხმაურება.
იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი – გაგრძელდება თუ არა – სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები.
ამავდროულად, დასაშვებად მიმაჩნია, რომ გამოყენებული იქნას ჩემს მიერ დაწერილი, საქართველოს ისტორიის პირველი თემის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რათა მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, 1924 წლის ბოლომდე, პირველი სემესტრის განმავლობაში, რათა არ დაზარალდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები.
არის კიდევ ერთი საკითხი.“სასწავლო რესურსი“ ითვალისწინებს მესამე დიდ თემას, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, ეწოდება „საქართველო და თანამედროვე მსოფლიო“. მასში მითითებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი: „1990 წლის არჩევნები საქართველოში; დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს“.
მე წინადადება მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ სასწავლო პერიოდი განივრცოს და სრულად მოიცვას 1990-2010-იანი წლები. ამ წინადადებაზე მივიღე სიტყვიერი თანხმობა.
თუ ვინმე დაინტერესდება, თუ რა არის ჩემი საყრდენი კონცეპტუალური ხედვა, საქართველოს თანამედროვე ისტორიის საკვანძო საკითხების შესახებ, შეუძლია გადაათვალიეროს ჩემს მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის: „საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2012)“. „მერიდიანი“. 2021.
დავასკვნი: ჩემს მიერ ან ჩემი მონაწილეობით მომავალში შექმნილი სახელმძღვანელო, ყველა შემთხვევაში, იქნება ერთ-ერთი და არა – ერთადერთი”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.