Jump to content
Planeta.Ge

სამართალდამცავმა მეზობელს ჯერ სცემა, შემდეგ მოკვლით დაემუქრა – მას ბრალი უკვე წარუდგინეს


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალი წარუდგინა,

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს, ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ, სამართალდამცავმა და მისმა ოჯახის წევრმა მათი მეზობელი-დაზარალებული დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო.

“ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ჯგუფური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იძულების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს და მის ოჯახის წევრს წარედგინათ ბრალდებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 (პრიმა) ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

NETGAZETI

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...