Jump to content
Planeta.Ge

ახალ ევროპარლამენტში ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოზე იმსჯელებენ


ახალარჩეულ ევროპარლამენტში პლენარული სესიის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

8 ოქტომბერს ევროპარლამენტში  საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ისაუბრებს.

„დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“ – ასე ჰქვია ბორელის მოხსენებას.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, განიხილება ამავე საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის  მიღებაც.

ამავე სხდომაზე ჯოზეფ ბორელს მოხსენება ექნება მოლდოვაზეც – „მოლდოვის მედეგობის გაძლიერება რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ“.

ევროპარლამენტი ევროკავშირის ის ინსტიტუციაა, სადაც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდნენ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის რუსულ კანონზე, და არაერთი კრიტიკული რეზოლუციაც მიუღიათ. კრიტიკის საპასუხოდ მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ ჰქონდა, მათ კრიტიკოს ევროპარლამენტარებს კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას აბრალებდნენ.

ზოგიერთი კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარი კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განსაკუთრებული სამიზნე იყო.

ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი „ქართულ ოცნებაში“ აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ მათ აკრიტიკებდნენ „წარმავალი“ ევროპელი დეპუტატები. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აპრილის ბოლოს მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას „წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა“ უწოდა.

თუმცა ახალარჩეულ ევროპარლამენტში იმ დეპუტატების უმრავლესობამ, რომლებიც „ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, მანდატები ისევ მიიღო.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...