30 ევროპარლამენტარი ოლივერ ვარჰეის - არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო ქვეყნის კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს
არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს, - ამის შესახებ 30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. აღნიშნულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
კერძოდ, არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროპარლამენტარები ევროკავშირს 4 ქმედებას სთავაზობენ: ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტას; საკვანძო პირების სანქცირებას; საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის ფორმალურ გადახედვას; საჯარო დიპლომატიასა და კომუნიკაციას;
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების კრიტიკულად მნიშვნელოვან ტესტს წარმოადგენს. ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა სახიფათო პრეცედენტს შექმნის, როგორც საქართველოს მომავლისთვის, ისევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის. საქართველოს რუსეთთან უფრო ახლოს დაკავშირების შედეგების გადაჭარბება შეუძლებელია, მაშინ როდესაც ავტორიტარიზმი გლობალურად იზრდება. ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოში დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება დაიცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღინიშნება, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტაში იგულისხმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ფარგლებში გამოყოფილი გრანტებისა და სესხების შეჩერება, და სავაჭრო შეთანხმებების გადახედვა, როგორიცაა „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA). ევროპარლამენტარების თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი დახმარებას შეზღუდვები არ უნდა შეეხოს, რათა „უზრუნველყოფილი იქნას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის გაგრძელება”.
საკვანძო პირების წინააღმდეგ სანქციებში იგულისხმება მიზნობრივი სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც „პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრისთვის“. აღინიშნება, რომ სანქციები შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, სავიზო აკრძალვებსა და სამოზავრო შეზღუდვებს.
ევროპარლამენტარების აზრით, თუ არჩევნები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის ფორმალური გადახედვა უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ამ გადახედვამ უნდა შეაფასოს „თანხვედრაშია თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებთან, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვება“.
ხელმომწერი ევროპარლამენტარები არიან: რიჰარდს კოლსი (ლატვია), ადრიან ვასკეს ლაზარა (ესპანეთი), ალექსანდრ ვონდრა (ჩეხეთი), ანა ზალევსკა (პოლონეთი), აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა), დაინიუს ჟალიმასი (ლიეტუვა), დიეგო სოლიერი (ესპანეთი), ჰენრიკ დალი (დანია), ივარს ლიაბსი (ლატვია), იააკ მადისონი (ესტონეთი), იაროსლავ ბჟოჰი (ჩეხეთი), იონას სიოსტედტი (შვედეთი), კშიშტოფ ბრეიზა (პოლონეთი), მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი (გერმანია), მარკვეტა გრეგოროვა (ჩეხეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), მატეი ტონინი (სლოვენია), მერია კილონენი (ფინეთი), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), ნორა ჰუნკო გარსია (ესპანეთი), ონრეი კრუტილეკი (ჩეხეთი), პეტრას აუშტრევიჩუსი (ლიეტუვა), რასა იუკნევიჩიენი (ლიეტუვა), რეინის პოზნაკსი (ლატვია), რიჰო ტერასი (ესტონეთი), რობერტს ზილე (ლატვია), სებასტიან ტინკინენი (ფინეთი), სტეფენ ნიკოლა ბარტულიცა (ხორვატია), ტობიაშ ბოჰენსკი (პოლონეთი) და ვირგინიუს სინკევიჩუსი (ლიეტუვა).
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.