პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა.
გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც შანიძემ განაცხადა, 4 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციებთან იყო დაკავშირებული და ასევე იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს.
„პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. დავისაჯე იმისთვის, რომ აქციებთან ვიყავი დაკავშირებული და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. რომ არა ეს პოლიტიკური ფონი, სავარაუდოდ პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ. იმის გამო , რომ პოლიტიკური ელფერი იყო და მე, როგორც ოპოზიციის მხარეს ვიჭერ, ამის გამო დავისაჯე და მომისაჯეს 4 წელი“, - განაცხადა შანიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, გიორგი შანიძე სამართალდამცავებმა 9 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. შანიძეს მოგვიანებით ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.