ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულებაზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი განსხვავებული წესით ვრცელდება. კერძოდ, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ სანქციების საფუძველზე საქართველოს სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით განისაზღვრა საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.
კერძოდ, აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, აღსასრულებელ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპი მითითებულია ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც bm.ge ავრცელებს.
ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.