სოფო ხორგუანი განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
იურისტი სოფო ხორგუანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს ღია წერილით მიმართავს და სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.
წერილში ხორგუანმა ძირითადი აქცენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებზე გააკეთა.
„მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ონკანებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირებით, ბაქტერიული კოლონის წარმომქმნელი ერთეულებით (საერთო კოლიფორმები) სასმელი წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით. კერძოდ: სოფელ მუსხის სკოლის სასმელი წყლის ონკანში მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები, რომელთა არსებობა სასმელ წყალში დაუშვებელია; სოფელ წირის სკოლის მიმდებარედ არსებული საუბნო სასმელი წყლის ონკანში ფიზიკო-ქიმური, მიკრობიოლოგირი და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. წყალი შეიცავდა ნაწლავურ ჩხირ ეშეხერია კოლის, რომლის სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია; სოფელ საძელის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის ონკანში დადგინდა მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დაბინძურებები, საერთო კოლიფორმები, ეშეხერია კოლის ბაქტერიები; სოფელ ანდრიაწმინდის სკოლის სასმელი წყლის ონკანში ორგანოლეპტიკური დაბინძურება გამოვლინდა; ახალციხის N6 საჯარო სკოლაში არსებულ ონკანში ორგანოლეპტიკურად დაბინძურებული წყალი აღმოჩნდა“, - წერია ხორგუანის წერილში.
სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისა და დროული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნით სოფო ხორგუანმა უკვე მიმართა ახალციხის მერს და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს. თუმცა, მათი მხრიდან, როგორც ხორგუანი აღნიშნავს, დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.
„ორშაბათს, 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი უკვე იწყება. დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია ბავშვებისათვის და მშობლები იძულებულნი იქნებიან, წყალი იყიდონ. თუმცა, დიდ უმრავლესობას ამის საშუალება არ აქვს. დაუყოვნებლივ დააიდენტიფიცირეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლა, სადაც დაბინძურებული სასმელი წყლის გამო საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები; დაუყოვნებლივ გაატარეთ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვათ ბავშვები სკოლებში დაბინძურებული სასმელი წყლის მავნე შედეგებისგან; საფრთხის აღმოფხვრამდე, სხვა ალტერნატიული გზებით (მაგალითად, იყიდეთ საჭირო რაოდენობის სასმელი წყალი სკოლებისათვის) უზრუნველყავით ბავშვებისათვის სკოლებში უსაფრთხო და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება“, - ნათქვამია ხორგუანის წერილში.
აღნიშნულ პრობლემაზე განათლების მინისტრს ხორგუანი რეაგირების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასაც სთხოვს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.