გვარამიას თქმით, 2008 წელს იუსტიციის სამინისტროდან გივი მიქანაძე მან დაითხოვა
ნიკა გვარამია, რომელიც 2008 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აცხადებს, რომ გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან თავად გაათავისუფლა.
გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, კერძოდ, 2005-2008 წლებში ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ახლა კი ის ენმ-ის აკრძალვას ითხოვს.
“ქართულ ოცნებაში” გამოჩენის შემდეგ გივი მიქანაძე ირწმუნებოდა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა.
„არც მრცხვენია და ვამბობ, რომ ვიყავი და ვასრულებდი ჩემს საქმეს. თუმცა ის არ ახსოვს, რომ სწორედ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ წამოვედი იმ სამინისტროდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ გასული წლის ოქტომბერში.
მიქანაძის მსგავსად, მისი დღევანდელი თანაგუნდელი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც ამტკიცებს, რომ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომლებსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, საზღვარგარეთ იყო წასული და საზღვარგარეთ მუშაობდა“.
თუმცა ამისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვს ნიკა გვარამიას, რომელიც იუსტიციის მინისტრად 2008 წლის იანვარში დაინიშნა.
გვარამიას თქმით, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას მას გივი მიქანაძე მინისტრის მოადგილედ დახვდა, თუმცა მან უფლებამოსილება აღარ გაუგრძელა.
როგორც გვარამია ამბობს, სრული სისულელეა, რომ მიქანაძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა 7 ნოემბრის კონტექსტში.
„მე გავათავისუფლე ის [გივი მიქანაძე] როგორც მოადგილე. ის დამხვდა, როგორც წინა მინისტრის მოადგილე და მე ის აღარ დავამტკიცე ჩემს მოადგილედ. სრული სისულელე და აბსოლუტური აბსურდია, რომ [თანამდებობა პროტესტის ნიშნად] დატოვა. გივი მიქანაძე დამხვდა როგორც მოადგილე, მე მას შევხვდი და ვუთხარი, რომ ის ვეღარ გააგრძელებდა თავის უფლებამოსილებას. ზუსტად ასე იყო და არავითარი პროტესტის ნიშნად არ ყოფილა. თუ არადა, ამოვიღოთ დოკუმენტაცია და ვნახოთ. მე ის არ წარმიდგენია ჩემს მოადგილედ პრემიერ-მინისტრისთვის“, – განაცხადა გვარამიამ.
ენმ-ის ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნა გივი მიქანაძეს ამჯერად პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ შეახსენა. პარტია ითხოვს, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გივი მიქანაძის მიმართ გამოძიება დაიწყოს.
2 დღეა ნეტგაზეთი გივი მიქანაძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. „ქართულ ოცნებაში“ კი გივი მიქანაძის პოსტზე მიგვითითეს, რომელიც მან Facebook-ზე დღეს, 13 სექტემბერს, გამოაქვეყნა.
პოსტში მიქანაძე გახარიას გუნდის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს „დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს“.
როგორც მიქანაძე ამბობს, ის 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა.
დღეს გავრცელებულ პოსტში მიქანაძეს თანამდებობის დატოვების მიზეზი აღარ უხსენებია.
„როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას – ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო.
რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება
ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ“, – აცხადებს გივი მიქანაძე.
რას ამბობს მიქანაძის ბიოგრაფია
გივი მიქანაძის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2005 წლის 25 ოქტომბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე იკავებდა. შესაბამისად, 7 ნოემბრის შემდეგ 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კიდევ მუშაობდა სამინისტროში. არ იძებნება განცხადება, სადაც მას 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევის გამო ღიად აქვს პროტესტი დაფიქსირებული.
ხაზგასასმელია ისიც, რომ 2007 წლის 25 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს დაინიშნა. 2008 წლის იანვარშივე, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ძველმა მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა და 31 იანვარს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა.
ახალ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი შეიცვალა და ეკა ტყეშელაშვილი, რომლის მოადგილეც გივი მიქანაძე იყო, ნიკა გვარამიამ ჩაანაცვლა. ნიკა გვარამიას მოადგილეებში კი გივი მიქანაძე აღარ იძებნება.
ის, რომ მიქანაძე იუსტიციის სამინისტროდან მართლაც წავიდა უცხოეთში, რასაც პაპუაშვილი ამბობს, დასტურდება ოფიციალური ბიოგრაფიითაც. მიქანაძე 2008 წლის 10 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე ესექსის უნივერსიტეტში (ევროკავშირის სამართალი, სამართლის მაგისტრი) სწავლობდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში.
თუმცა ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ გივი მიქანაძემ, რომელიც პაპუაშვილის სიტყვებით, წინა ხელისუფლების კურსს არ ეთანხმებოდა, მუშაობა თბილისის მერიის ქვეუწყებაში დაიწყო. 2009 წლის პირველი აპრილიდან 2009 წლის 30 სექტემბრამდე თბილისის მერიის „თბილისის აგლომერაციის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე იყო. ამ დროს თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, რომელსაც “ქართული ოცნება” ხშირად აკრიტიკებს და დააპატიმრეს კიდეც. გივი მიქანაძის ბიოგრაფიის ეს ნაწილი შალვა პაპუაშვილმა თავის კომენტარში გამოტოვა.
ამასთან, მიქანაძის ბიოგრაფიის მიხედვით, ის 2006 წლიდან – 2015 წლამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიწვეული ტრენერი იყო.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.