Jump to content
Planeta.Ge

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება გივი მიქანაძის წინააღმდეგ


გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ.

პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტს.

2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა.

შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზიანება მიიღო.

მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, ხოლო გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და სასჯელაღსრულების სისტემას კურირებდა.

ლევან გოგიჩაიშვილის და გახარიას პარტიის პროკურატურისთვის მიმართვა სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება – გოგიჩაშვილის თქმით, „ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა”.

„ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდეც იყო საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის, აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ოცნების იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომლებიც თავის დროზე ემსახურებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გასამართლების კამპანიაში იღებენ მონაწილეობას”. – თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...