რუსულმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაიწყო
რუსული ონლაინ საცალო ვაჭრობის ქსელმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაამატა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, პირველ ეტაპზე მიწოდებას დაახლოებით 14 დღე დასჭირდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ გამოწერილი ნივთები მიწოდების პუნქტებში ან კურიერის საშუალებით.
საქართველო მეშვიდე ქვეყანაა რუსეთის ფარგლებს გარეთ, სადაც „ოზონი“ მიტანის სერვისი აქვს.
„ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან მათ საქართველოს მცხოვრებლები შეუერთდებიან“, — განაცხადა ალექსეი საპონმა, დსთ-ში Ozon-ის ოპერაციებისა და განვითარების დირექტორმა.
ოზონი ერთ-ერთი უდიდესი რუსული ონლაინ გაყიდვების მარკეტია. ონლაინ პლატფორმა აკავშირებს 550 ათას მეწარმეს 51 მილიონ აქტიურ მყიდველთან და პლატფორმის ასორტიმენტი მოიცავს 370 მილიონ პროდუქტს. კომპანია ასევე ეწევა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას ჩინეთთან და თურქეთთან.
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ოზონის“ შემოსვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის და ბიზნესისთვის.
„ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით. აქვე, თქვენ რომ სამართლიანი იყოთ, მე გაგახსენებთ, რომ წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ კომპანიებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფო რუსულ კომპანიებზე“, — განაცხადა კახა კალაძემ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.