Jump to content
Planeta.Ge

ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად


ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას.

ISW ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, გენერალ სუროვიკინის და მოსკოვის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ვლადიმირ სალდოს განცხადებებზე, რომ უკრაინის არმია აპირებს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმას. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, მსგავსი განცხადებები შესაძლოა, მიზნად ისახავდეს საინფორმაციო დაცვის უზრუნველყოფას, რათა თავად რუსი სამხედროების მიერ კაშხლის ჯებირის დანგრევით გამოწვეული ზიანით გადაფარონ რუსული ჯარების უკან დახევა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, კრემლი შეეცდება პროვოკაცია გამოიყენოს არა მხოლოდ რუსული ჯარების მორიგი სამარცხვინო უკან დახევის გადასაფარად, არამედ იმის კიდევ ერთ ყალბ მტკიცებულებად, რომ უკრაინა ტერორისტი სახელმწიფოა.

 

უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან "სამთავრობო სტრუქტურებიც" და შვიდი დღით იკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება.

18 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა და არ გამორიცხა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება.

ხერსონის ოლქში გამოცხადებულ ევაკუაციას "პრიმიტიული ტაქტიკა" და "პროპაგანდისტული მოჩვენებითობა" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მისივე შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს ხერსონელები დააშინოს "ფეიკებით" ქალაქზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ. ერმაკის განცხადებით, უკრაინის არმია საკუთარ ქალაქებს თავს არ ესხმის.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...