უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა
დღეიდან, 20 ოქტომბრიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებენ. გრაფიკი 07:00-დან 22:00 საათამდე მოქმედებს.
კომპანია „უკრენერგო“-ს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებს და რაიონებს ენერგომომარაგება რიგრიგობით შეუწყდებათ მაქსიმუმ 4 საათით. კომპანია ამ ზომას იძულებითს უწოდებს და აცხადებს, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოსისტემაზე განახორციელეს იმაზე მეტი თავდასხმა, ვიდრე ომის დაწყებიდან 8 თვის განმავლობაში.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ერთ კვირაში გაანადგურა უკრაინის ელექტროსადგურების 30%. 19 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით იერიში მიიტანეს კიდევ, სულ მცირე 3 ენერგოობიექტზე.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ქმედებას უწოდებს ტერორისტული აქტების ერთ-ერთ სახეობას. 19 ოქტომბერს, ეს ტერმინი გამოიყენა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმაც. მან ევროპარლამენტში გამოსვლისას ომის დანაშაული უწოდა უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის თავდასხმებს და განაცხადა, რომ ზამთრის წინ ადამიანების დატოვება ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის გარეშე, ტერორის აქტებია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.