49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფინანსდება ისეთი დაავადება, რომელიც პროგრამით განსაზღვრული არ არის - აუდიტი
“49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფინანსდება ისეთი დაავადება, რომელიც პროგრამით განსაზღვრული არ არის” – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები:
- პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები;
- სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობა;
- ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, როგორიცაა ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვ.;
2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში 2022 წლისთვის დაგეგმილი 8 აქტივობიდან, 2023 წლის მდგომარეობით შეუსრულებელია − 5, ნაწილობრივ განხორციელდა − მხოლოდ 2. მაგალითად, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით არ შექმნილა მონიტორინგის ჯგუფი და არ გაუმჯობესებულა მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი.
დაფინანსების მოდელი
სათემო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისათვის მომსახურების დაფინანსების გლობალური ბიუჯეტის პრინციპი წარმოშობს არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს. კერძოდ, პაციენტების რაოდენობის მიხედვით მიმწოდებლისთვის ხარჯი განსხვავებულია: მეტი პაციენტი გულისხმობს მეტ დანახარჯს, დაფინანსება კი უცვლელია. მაგალითად, სერვისის მიმწოდებლების მიხედვით, 2019 წელს ერთ პაციენტზე წლის განმავლობაში, საშუალოდ, დახარჯული თანხა მერყეობდა 106-იდან 465 ლარამდე;
დაწესებულებების მიხედვით განსხვავებულია წარმოდგენილი ხარჯების სტრუქტურა და თითოეული შემადგენელი კომპონენტის პროცენტული წილი მთლიან ხარჯთან მიმართებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ სერვისში არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული ხარჯების თანაფარდობის დასაშვები ზღვარი;
მედიკამენტების შესყიდვა/გაცემის მექანიზმების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებებს არ აქვთ ერთნაირი მიდგომა და სახელმწიფოს წილით შექმნილი დაწესებულებები მედიკამენტებს ყიდულობენ კონსოლიდირებული შესყიდვით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო დაწესებულებისთვის წამლების შეძენა მოხდებოდა იმავე პრინციპით, წამლებზე გაწეული ხარჯი 35%-ით შემცირდებოდა.
საანგარიშგებო დოკუმენტაციის ზედამხედველობის მექანიზმი
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ნოზოლოგიები განსაზღვრულია დადგენილებით. კრიზისული ინტერვენციის კომპონენტის შესრულების მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული დიაგნოზების მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2018-2022 წლებში, 43 ბენეფიციარს 335 შემთხვევაში მინიჭებული აქვს ისეთი ნოზოლოგია, რომელიც პროგრამით არ არის განსაზღვრული. ასევე: მოზრდილთა სტაციონარის 2018-2022 წლების მომსახურების შესრულების ბაზების ანალიზით გამოვლინდა, რომ 49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფიქსირდება და გლობალური ბიუჯეტის დაფინანსების მოდელის ფარგლებში უნაზღაურდება ისეთი ნოზოლოგია, რომელიც არ არის განსაზღვრული პროგრამით;
მოზრდილთა სტაციონარის 902 ბენეფიციარი (ამ კომპონენტის უნიკალური ბენეფიციარების 5,9%), სტაციონარში ყოფნის პერიოდში ასევე ფიქსირდება სათემო ამბულატორიის, კრიზისული ინტერვენციის ან მობილური გუნდების კომპონენტების ფარგლებში წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებში.
ანგარიშის თანახმად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 58 მდგომარეობიდან, რომელსაც ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, გაიდლაინი – კლინიკური მდგომარეობის მართვის რეკომენდაცია, შექმნილია მხოლოდ 15 შემთხვევაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.