Jump to content
Planeta.Ge

პროკურატურა - თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე


საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

როგორც საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

„საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს ,,მორგან ლიმიტედი“-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.

შპს ,,მორგან ლიმიტედი“-ს სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.

თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.

თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით ქ. თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც.

ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 800 000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი თანხა, ძვირადღირებული ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები. სასამართლო განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აქტივებს - ბრალდებულების საბანკო ანგარიშებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021-2024 წლებში, პროკურატურამ, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით, რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 89 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება - 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 90 მილიონ ლარს აღემატება.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ეტაპისათვის, საქართველოს პროკურატურა მონაწილეობს ორ საერთაშორისო ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში და ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, -აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...