შაჰინი „ოცნებაზე“: მათ სურთ, იყვნენ დიქტატურა და არა დემოკრატია
სენატორმა ჯინ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გამოთქვა შეშფოთება რუსულ კანონთან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. სენატორმა აღნიშნა, რომ მთავრობის განცხადებები არ ქმნის სურათს, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება.
შაჰინის თქმით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, კანონის მოქმედების ფონზე ისინი ვერ შეძლებენ ქვეყანაში ოპერირებას, ხოლო მიღებული კანონი ჰგავს რუსეთში მიღებულს, რომელმაც გააქრო ძალიან ბევრი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები რუსეთში.
„ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს, ამიტომაც მათ აღმართეს ნამდვილი წითელი დროშები საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადის კუთხით“, – განაცხადა სენატორმა.
ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება, თუმცა რეალურად, კანონის მიზანი ეს არ არის.
„საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე. ეს არის განსხვავებულ აზრთან შეწინააღმდეგება. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუარესებაზე და შეშფოთებაზე საუბრისას ერთი თხოვნა გამოთქვა – შევწყვიტოთ ყველა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო, როდესაც თქვა, რომ დემოკრატია არ არის უთანხმოებების გაქრობა, ეს არის იმის აღიარება, რომ იქნება კრიტიკა იმის მიმართ, რასაც აკეთებ. ეს [კრიტიკა] დემოკრატიის ნაწილია“, – აღნიშნა სენატორმა.
ჯინ შაჰინის განცხადებით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ვიზიტის შემდეგ საქართველო ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს.
„ისინი ავტოკრატიულ რეჟიმად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ სურთ, იყვნენ დიქტატურა და არა დემოკრატია“, – განაცხადა შაჰინმა.
არჩევნებთან დაკავშირებით, შაჰინი გამოთქვამს შეშფოთებას და აღნიშნავს, რომ უფრო მეტი ნაბიჯი იდგმება დემოკრატიის უკან დახევისკენ, რაც არ შეესაბამება ქართველი ხალხის ნებას. მისი თქმით, საკმაოდ რთულია იმის დანახვა, როგორ შეინარჩუნებს საქართველო დემოკრატიას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება.
„ჩვენ მათგან მოვისმინეთ, – „არა, ჩვენ დავუშვებთ ადგილობრივ დამკვირვებლებს. საშუალებებს მივცემთ, რომ არჩევნები ჩატარდეს და ფოკუსირებულები ვართ, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი“. თუმცა, ყოველი განცხადება, რომელსაც მმართველი ხელისუფლება აკეთებს, არ არის ამის თანმიმდევრული“, – განაცხადა სენატორმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.