მილერი: გვაშფოთებს ამ კანონის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა”. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე „ამერიკის ხმის” დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს „არ გამორიცხავს”.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს […]
ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის [რუსული კანონი] აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი”, – ამბობს მილერი.
ის იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გადახედვის პროცესშია და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
„ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის – პარტია “ქართული ოცნების” წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა”, – განმარტავს მილერი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს „არ გამორიცხავს”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.