Jump to content
Planeta.Ge

ექსპერტიზის დასკვნით, გლდანში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული შეურაცხადია - 26 წლის ბიჭის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა, ის მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის


გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეურაცხადია. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

გამხიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, მის ქმედებას ვერ აცნობიერებდა.

„ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებას. საქმეში ჩართვის დროსვე მქონდა მოლოდინი, რომ ექსპერტიზა დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის შეურაცხადობას დაადგენდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირს კი ციხეში მრავალი წლით გაშვების ნაცვლად, განკურნება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარემაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. იმედი მაქვს, რომ გამხიტაშვილის მიმართ ეფექტური მკურნალობა ჩატარდება და ის მალე გამოჯანმრთელდება.

ბრალდებულის ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას”, - განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში, მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამხიტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...