Jump to content
Planeta.Ge

სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა.

შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“.

„1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია“, - ციტირებს მედია შამბას.

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზე.

შამბას განმარტებით, დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მიღებული სანქციაა.

„ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგ ადამიანს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ“, - განაცხადა შამბამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი გეგმავდა აფხაზეთისთვის 1-ელი სექტემბრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტას მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა, კომერციული უძრავი ქონების (აპარტამენტების) ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...