თეონა აქუბარდია - „ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია - არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს ეხმარება გავლენების გაზრდაში და ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთში
„ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია - არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს ეხმარება გავლენების გაზრდაში მთელი საქართველოს მასშტაბით და ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთში, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ აძლიერებს რუსეთი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა დე ფაქტო პარლამენტმა მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი პროტესტის შედეგად შეჩერებული ე.წ. კანონი აპარტჰოტელებზე და უცხოელ ინვესტორებზე.
„მაშინ, როცა „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო, რუსეთი ახლა გაზრდის ზეწოლას მის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა წარსულში და შეჩერებული იყო. შესაბამისად, რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ხოლო „ოცნების“ მთავრობა დასავლეთთან დაპირისპირებით კიდევ მეტად ასუსტებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მეტიც, თავად აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შამბაც კი, თავის ინტერვიუში, ფაქტობრივად, აღიარებს დასავლეთის როლს არაღიარების პოლიტიკის პროცესში, სადაც აფხაზეთის გაეროში წევრობის მიზანზე საუბრობს.
შესაბამისად, დასავლეთისგან იზოლაციის პროცესში „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერდება რუსეთის პოზიციები, როგორც ოფიციალურ თბილისზე, ისე ოკუპირებულ აფხაზეთზე და ამ ვითარებაში მეტი საფრთხე ექნება ჩვენს მიზანს რეალური სუვერენიტეტის და მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანების შესახებ ევროპულ ოჯახში წევრობით.
ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის, ნამდვილი სუვერენიტეტის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზაციის რეალური შესაძლებლობაა. ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოს ინტერესების არათუ დაცვას, არამედ, წინ წაწევას!“- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.