Jump to content
Planeta.Ge

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის რეესტრში რეგისტრაციისთვის 469 განაცხადი შევიდა


იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი „იმედის” ეთერში ამბობს, რომ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციისთვის ამ დროის მონაცემებით 469 ორგანიზაციამ მიმართა.

„რაც შეეხება სტატისტიკას, ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთან მომართული აქვთ შესაბამისი განცხადებით 469 ააიპ-ს. ამასთან, ამ წუთსაც კი, იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და ჩვენ დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, დღის ბოლოს გააჟღერებენ საბოლოო რაოდენობას იმ ორგანიზაციებისა, რომლებმაც სამინისტროს „ნებაყოფლობით” მიმართეს.

იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი 5 აგვისტოს აამოქმედა. ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერი იყო. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს.

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას.

რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით; დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება.

იმ შემთხვევაში თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერვიუში განმარტავენ, ეს გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...