ყოფილი ელჩი ამბობს, თუ ვის დაეხმარება ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანა საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიანა იანსე ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შვედეთი ფოკუსირებას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
„ჩვენ ერთ-ერთი მთავარი დონორი ვართ საქართველოში. დროთა განმავლობაში ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ სამთავრობო უწყებებისთვის გაწეული მხარდაჭერა. და ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეფოკუსირებას და ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ დიანა იანსემ.
დიანა იანსე საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩია.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე საქართველოს შანსებზე საუბრისას, იანსემ ხაზი გაუსვა რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას.
„მოლაპარაკებების გახსნა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხდება აქ და თუ სად მიიყვანს ხელისუფლება საქართველოს. არის მკაფიო რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ ნაბიჯები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის გასაღები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ასე რომ, ეს არის გადამწყვეტი“, — განაცხადა დიანა იანსემ.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარება ევროპის სამშვიდობო ფონდიდან. ბლოკი ასევე განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას.
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და რიგი ფინანსური დახმარებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მა და გერმანიამ.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში შვედეთის მხარდაჭერამ საქართველოსთვის 3 მილიარდი შვედური კრონა (თქმის 800 მლნ ლარი) შეადგინა. 2024 წელს საქართველოსთან თანამშრომლობა რეფორმებში, სავარაუდოდ, 200 მილიონ კრონას აღემატება, რაც შვედეთს სიდიდით მესამე ორმხრივ დონორად აქცევს. შვედეთის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მიდის.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.