ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია – კრამერი
„ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და არა — ამერიკულის“, — განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ.
წელს პირველად, კონფერენციაზე სპიკერებად მიწვეული არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რაც კრამერმა პოლარიზებული წინასაარჩევნო პერიოდით ახსნა.
„სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში მზარდი საფრთხისა და თავდასხმის ქვეშაა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, განსაზღვრონ თავიანთი მომავალი, აირჩიონ თავიანთი ლიდერები, მათი მომავალი ორიენტაცია. მაგრამ ასევე ცხადია, რომ მიზეზი, რატომაც საქართველო გამორჩეულია ბევრი ადამიანისთვის ამერიკასა და ევროპაში, ისაა, რომ ქართველი ხალხი ასეთი პროდასავლური, პროევროპული, პროამერიკული, პროდემოკრატიულია. ისინი თავიანთ მომავალს დასავლეთში ხედავენ“, — განაცხადა კრამერმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ასახოს თავისი ხალხის მისწრაფებები.
კრამერის თქმით, განსაცვიფრებელია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ სავარაუდოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიემართება.
„არავის სურს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გავრცელება სხვაგან. ამერიკას და არავის სურს საქართველო ომში ჩათრეული ნახოს. სხვაგვარად ვარაუდი სრული სისულელეა. აბსურდია ჩვენი გლობალური ომის პარტიის ნაწილად მიჩნევა“, — თქვა მან.
„ქართული ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც „ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.