Jump to content
Planeta.Ge

შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს


ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

3-მა მათგანმა დღეს, 1-ლ სექტემბერს პირიც ამოიკერა.

მათი თქმით, თუ ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან დღეს რეაგირება არ იქნება, ხვალ პროტესტის ამ ფორმას მეტი ადამიანი მიმართავს.

შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა.

„მილიარდობით მადანი გააქვთ ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან. ჩვენი სახლები სადაც არის, იმ ტერიტორიიდან კომპანიამ მუშბეი გაიყვანა, იმიტომ, რომ იქ შესვლა არ შეიძლებოდა. იქ ჩვენი სახლებია, ჩვენ ვცხოვრობთ. იქ რომ რამე მოხდეს და ვინმე დაიღუპოს, ვინმე არის პასუხისმგებელი?” – თქვა შუქრუთელმა ია ასანიძემ.

შუქრუთის მცხოვრებლები იმ პირობების შესრულებას მოითხოვენ, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს.

საუბარია ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

2021 წელს შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი.

2021 წლის 10 ივნისს კომპანია ამტკიცებდა, რომ შედგა შეთანხმება მათსა და მოსახლეობას შორის. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაშინ განაცხადა, რომ ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო მათ ზარალს შეაფასებდა. ასევე, ბიურო შეაფასებდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორეს და ქონების საბაზრო ღირებულებას.

შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირებები არ შესრულებულა. 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივები კიდევ გაიფიცნენ. მათი თქმით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება. მოსახლეობა ამბობს იმას, რომ კომპანიას არამც თუ აუნაზღაურებია რაიმე ზარალი, არამედ არც კი მიუღიათ პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.

არათუ ზარალის ანაზღაურება – 31 ივლისს პროკურატურამ პროტესტის რამდენიმე მონაწილის: გიორგი ნეფარიძის, რომან მეგრელიშვილისა და მალხაზ ლაბაძის სისხლის სამართლის წესით დევნა დაიწყო. უწყება მათ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება.

საჩხერის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ 1000-1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

„ჯორჯიან მანგანეზი” პროტესტის მონაწილეებისგან ითხოვს ზარალის ანაზღაურებას 5 500 000 ლარის ოდენობით.

24 აგვისტოს მათ საპროტესტო აქცია საჩხერეში, ჭორვილაშიც გამართეს. სოფელში ჩასულებს ადგილზე მობილიზებული ხალხი დახვდა, რომელთა ნაწილი ამბობდა, რომ შუქრუთელების აქცია საჭირო არ იყო, ნაწილი კი აგრესიულობით გამოირჩეოდა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...