Jump to content
Planeta.Ge

„მასწავლა, დამხვეწა, განმავითარებინა ბიზნესი“ – როგორ დაეხმარა მეწარმე ქალს ევროკავშირის პროექტი


2018 წელს ევროკავშირმა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის პროგრამა წამოიწყო.

იგი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბიუჯეტმა კი 1 580 000 ევრო შეადგინა.

პროგრამის სამიზნე აუდიტორია იყო კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე რეგიონები – კონკრეტულად კი შიდა ქართლში, სამეგრელოში და უკრაინის დონეცკის ოლქში მცხოვრები ადამიანები.

ერთ-ერთი, ვინც ამ პროგრამით ისარგებლა, ირინა ყორშიაა. იგი პროგრამის ფარგლებში არსებული სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულია.
ტრენინგამდე ირინას უკვე ჰქონდა საკუთარი ტყავის სამკერვალო სახელოსნო ზუგდიდში. თუმცა ყორშია აღნიშნავს, რომ მას, როგორც მეწარმეს, განვითარება და ბევრი ახალი სწავლა სჭირდება. მისივე თქმით, ბევრი რამ სწორედ სამეწარმეო სკოლაში ისწავლა.

„მქონდა ჩემი სახელოსნო. გამიჩნდა იდეა, ჩემი მიმართულება გამეკეთებინა. […] გავაკეთე პატარა სახელოსნო ჩემი ფინანსებით.
როდესაც მეწარმე ხარ, გჭირდება, რომ განვითარდე და ბევრი რამ ისწავლო. ამაში აუცილებლად ტრენინგი დაგეხმარება. მეგობრებისგან გავიგე, რომ “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის” პროექტის ფარგლებში გამოცხადდა სასწავლო კონკურსი, ეს იყო მეწარმეთა სკოლა. ჩვენთვის სასარგებლო და საინტერესო ბევრი კურსი გავიარეთ.

ერთთვიანი სასწავლო კურსი გავიარეთ. ყველაფერი იყო გათვლილი, ნამდვილად მეწარმეზე მორგებული. ამან ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა, დამხვეწა, განმავითარებინა ჩემი სახელოსნო. სამეწარმეო სკოლა დამეხმარა იდეის დახვეწაში, როგორ მემართა პიარი [საზოგადოებასთან ურთიერთობა – რედ.], მარკეტინგის კუთხით… აბსოლუტურად ყველაფერი უფრო დამახვეწინა. ამან უკვე გაყიდვებიც მეტი მომიტანა. გამარკვია ფინანსურ მხარეშიც, ბუღალტერი არ მყავს, ბუღალტრულ მხარესაც მე ვაგვარებ“, – ჰყვება ყორშია.

სახელოსნოს მფლობელი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტრენინგები „აუცილებელია წარმატებისთვის“ და მათში მონაწილეობისკენ სხვებსაც მოუწოდებს: „თითოეულ ახალგაზრდას ვურჩევ, აუცილებლად გაიაროს ყველა საინტერესო და სასარგებლო ტრენინგი, რასაც ორგანიზაციები გამოაცხადებენ. ეს აუცილებელია წარმატებისთვის“.

პროექტის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, ირინა ყორშიას ბიზნესი „IRDA- ტყავის აქსესუარები“ კვლავაც მუშაობს. ფეისბუქში ერთ-ერთი ბოლო პოსტის ქვეშ კმაყოფილი მომხმარებლის კომენტარიც გვხვდება: „საოცრება ჩამოვიდა. მადლობა შენ ასეთი სილამაზისათვის“.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო, აგენტის იარლიყის მატარებელი ხდება არა მარტო დამოუკიდებელი თუ ოპოზიციურ მედიასაშუალებება, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ მსგავსი პროექტების ბენეფიციარებიც.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.


მასალა მომზადებულია ევროკავშირის პროექტის ვებ-გვერდისა და გადაღებული ვიდეომასალის მიხედვით.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...