Jump to content
Planeta.Ge

რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელთა ჯგუფი თვეზე მეტია საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი — მედია


17 უკრაინელი, რომელიც რუსეთიდან არის დეპორტირებული, საქართველოსთან საზღვარზე დარიალის ხეობაში საგუშაგოზეა გაჭედილი. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

Ukrainska Pravda-ს ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა სარდაფში, შიშველ კედლებში ცხოვრობენ ზემო ლარსის საგუშაგოზე და სანამ მათი საკითხი გაირკვევა, გარეთ გასვლის საშუალებაც არ აქვთ.

დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მოხვდა საქართველოს საზღვართან, ნაწილი კი “საიმიგრაციო კანონების დარღვევის” გამო.

უკრაინის მოქალაქე 31 წლის ოლექსანდრ შულჰინი, ამბობს, რომ საქართველო მათ თავის ტერიტორიაზე არ უშვებს, რადგან პასპორტები არ აქვთ და მათი ვინაობის დადასტურებას უკრაინული უწყებებიდან ელიან. შულჰინმა ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფის ნაწილი ავადაა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, შულჰინს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ის გასული 10 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. შემდეგ კი, მოულოდნელად დააკავეს 2024 წლის იანვარში საიმიგრაციო კანონის დარღვევის გამო. თუმცა, როგორც შულჰინი ამბობს, მას მსგავსი პრობლემა ადრე არასდროს შექმნია. მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებული იქ დაახლოებით ორი თვეა, რაც იმყოფება, საკვებით კი პერიოდულად მოხალისეები ამარაგებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ ინფორმაციას ამ საკითხზე მიღებისთანავე მოგვაწვდიან.

მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მანამდეც გავრცელდა. წინა ჯერზე საუბარი იყო რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დეპორტირებულ მოქალაქეებზე, რომელთაც პატიმრობის ვადა ამოეწურათ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...